იაპონია საქართველოში $575 459–ის ღირებულების სამ პროექტს დააფინანსებს

იაპონიის მთავრობა საქართველოს რეგიონებში სამ პროექტს დააფინანსებს, რომელთა მთლიანი ღირებულება 575 459 აშშ დოლარია. ხელშეკრულება 8 თებერვალს გაფორმდა.

პროექტები იაპონიის მთავრობის „გრასრუტების ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა.

ეს პროგრამებია:

  • სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია ახალციხის 6 სოფელში – 89 188 აშშ დოლარი
  • შშმ პირთათვის რეაბილიტაციის ცენტრის მშენებლობა მესტიის მუნიციპალიტეტში – 86 271აშშ დოლარი
  • ომის ფეთქებადი ნარჩენების გაუვნებელყოფა შიდა ქართლისა და სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონებში – 400 000 აშშ დოლარი

პირველი პროექტის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის 6 სოფელს მიეწოდება დაბალდანახარჯიანი გრავიტაციული საირიგაციო სისტემა, რომელსაც ფუნქციონირებისთვის არ სჭირდება ელექტროენერგია. პროექტი ხელს შეუწყობს ცხოვრების ხარისხის ზრდას შესაბამის დასახლებებში.

მეორე პროექტის ფარგლებში, რეგიონში აშენდება პირველი მრავალფუნქციური სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც წელიწადში საშუალოდ 150 ადამიანს მოემსახურება. მათ შორის, პროექტი ხელს შეუწყობს დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებას და შშმ პირთათვის სერვისების მიწოდებას.

მესამე პროექტის ფარგლებში, ჰალო ტრასტი მოახდენს რუსეთ–საქართველოს ომის ფეთქებადი ნარჩენების გაუვნებელყოფას. განაღმვითი სამუშაოების შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება ტერიტორიის უსაფრთხოება.

„გრასრუტების საგრანტო პროგრამა“ დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და განათლებისა და კულტურის ხელშეწყობას.

საგრანტო პროგრამა ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, სიღარიბის დაძლევისა და კულტურის სფეროებში.

1998 წლიდან დღემდე ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში დაფინანსდა 158 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 15 919 078 აშშ დოლარი შეადგინა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com