ახალი ამბები

იაპონიაში მცხოვრები ყველა ქართველი უსაფრთხოდაა – ელჩი

3 იანვარი, 2024 •
იაპონიაში მცხოვრები ყველა ქართველი უსაფრთხოდაა – ელჩი

იაპონიაში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ ლეჟავას ინფორმაციით, იაპონიაში მცხოვრები მცხოვრები ყველა ქართველი უსაფრთხოდაა. ლეჟავა უსამძიმრებს მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს და იაპონელ ხალხს.

“ჩვენ შევძელით, რომ გადაგვემოწმებინა [ინფორმაცია], ყველანაირი ჩვენი არხების მეშვეობით, საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობასთან დაკავშირებით და ჩვენი ინფორმაციით, იქ [სტიქიის ეპიცენტრში] არავინ არ არის. თითქმის ორი დღე გავიდა და მსხვერპლი ჩვენ არ გვყავს, საბედნიეროდ”, – უთხრა ლეჟავამ საზოგადოებრივ მაუწყებელს.

მიწისძვრის დროს საქართველოს ელჩი იაპონიაში, ოჯახთან – ცოლსა და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, შემთხვევის ეპიცენტრისკენ მატარებლით მიემგზავრებოდა. იშიკავას პრეფექტურაში ჩასვლამდე, დაახლოებით ერთი საათით ადრე, განგაშის სიგნალი ჩაირთო და მატარებელი გააჩერეს. მოგვიანებით მგზავრები ახლომდებარე უსაფრთხო სადგურამდე მიიყვანეს.

“სადგურის თანამშრომლები გვაწვდიდნენ ინფორმაციას, საკვებს, სასმელს და როგორც მოსალოდნელი იყო, სამაგალითო პროფესიონალიზმით უმკლავდებოდნენ მდგომარეობას”, – წერს სოციალურ ქსელში თეიმურაზ ლეჟავას ცოლი, ანა სიჭინავა.

იაპონიის საელჩო საქართველოში ავრცელებს ცხელი ხაზის ნომერს, რომელზე ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაკავშირება: +81 80 7933 5060.


7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იაპონიაში 1-ელ იანვარს მოხდა. მიწისძვრამ მეორე დღეს, 2 იანვარს ცუნამი გამიწვია. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 60-ზე მეტი ადამიანი.

სტიქიურმა უბედურებებმა ორი დღის განმავლობაში გამოიწვია ნგრევა და ხანძარები. ნანგრევების გამო შეფერხებით მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციები. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ასეთი მიწისძვრა ქვეყანაში ბოლოს 2018 წელს დაფიქსირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი