ახალი ამბები

ისტორიული ნაბიჯი — იაპონია სამხედრო ბიუჯეტს ზრდის

19 დეკემბერი, 2022 • 691
ისტორიული ნაბიჯი — იაპონია სამხედრო ბიუჯეტს ზრდის

იაპონია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დეკლარირებულად პაციფისტი სახელმწიფო იყო, სამხედრო ხარჯებს რეკორდულად ზრდის.

იაპონიის მთავრობის გეგმის თანახმად, მომდევნო ხუთ წელიწადში ქვეყანა თავდაცვაზე დახარჯავს მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს, რაც იაპონური ეკონომიკის ზომის გათვალისწინებით, თანხის არცთუ ისე მცირე რაოდენობა, დაახლოებით 320 მილიარდი აშშ დოლარია.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ როგორ გეგმავს ქვეყანა ამ თანხის დახარჯვას, თუმცა ცნობილია, რომ იაპონიაში იმგვარი რაკეტის შექმნას გეგმავენ, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, იაპონიიდან მეზობელი ქვეყნების ტერიტორიას მისწვდება.

მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ, აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ, იაპონია აიძულეს, რომ სამხედრო ძლიერებასა და ექსპანსიონიზმზე უარი ეთქვა და შესაბამისი შინაარსის ჩანაწერები კონსტიტუციაშიც აესახა, თუმცა ახლა ვითარება შეიცვალა და ტოკიოში ფიქრობენ, რომ თავდაცვაზე უფრო მეტი უნდა დახარჯონ.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კიდევ უფრო გაღრმავდა უთანხმოება რუსეთსა და იაპონიას შორის, რომელიც მანამდე ისედაც არსებობდა კურულის კუნძულების საკითხის ირგვლივ.

იაპონიის თანახმად, კუნძულების ნაწილი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირის ოკუპაციის ქვეშ მოექცა, ამ უკანასკნელის დაშლის შემდეგ კი ოკუპაცია რუსეთის ფედერაციამ გააგრძელა.

გარდა რუსეთისა, ტოკიოს შეშფოთებას იწვევს ჩრდილოეთ კორეული სამხედრო მანევრებიც.

ნოემბრის თვეში იაპონიის საზღვაო აკვატორიასთან ახლოს, ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ჩამოვარდა ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან გაუშვეს სამხედრო ტესტირებისას.

იაპონიის კიდევ ერთ მეზობელს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, რომელიც აქტიურად ავითარებს საკუთარ სამხედრო შესაძლებლობებს, ტოკიოსთან ტერიტორიული დავა აქვს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე სენკაკუს კუნძულების გამო.

შედეგად, იაპონიას სამ ბირთვულ მეზობელთან, ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და რუსეთის ფედერაციასთან, სხვადასხვა ტიპის უთანხმოება აქვს, სამხედრო ბიუჯეტის ზრდით კი უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერებას ცდილობს.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო გერმანიამაც.

გერმანია, ისევე როგორც იაპონია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფულს აღარ აბანდებდა სამხედრო სიძლიერეში, თუმცა 2022 წელს ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი 100 მილიარდი ევროთი გაზარდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი