ახალი ამბები

იაპონია გაეროს ნებართვით წყნარ ოკეანეში გაფილტრულ რადიოაქტიურ წყალს ჩაღვრის

24 აგვისტო, 2023 • 1053
იაპონია გაეროს ნებართვით წყნარ ოკეანეში გაფილტრულ რადიოაქტიურ წყალს ჩაღვრის

იაპონიამ წყნარ ოკეანეში დაიწყო რადიოაქტიური ნივთიერებებით მცირედ დაბინძურებული წყლის ჩაშვება, მეზობელი ქვეყნებისა და საზოგადოების ნაწილის პროტესტის ფონზე.

მთლიანობაში, წყნარ ოკეანეში 1.3 მილიონი ტონა წყლის ჩაღვრა იგეგმება 30-წლიანი პერიოდის განმავლობაში. იაპონური მხარის ცნობით, წყალი თითქმის სრულადაა გაწმენდილი რადიოაქტიური ნივთიერებებისგან და არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანისთვის. „უმნიშვნელო“ ეფექტზე საუბრობს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო, რომელმაც მწვანე შუქი აუნთო იაპონიის გეგმას.

საიდან აქვს იაპონიას რადიაქტიური წყალი?

1.3 მილიონი ტონა დაბინძურებული წყალი ფუკუშიმას ატომურ სადგურზე 2011 წელს მომხდარი ტრაგედიის შედეგია. ჩერნობილის ატომურ სადგურზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ავარიის შედეგად, წყალი, რომელიც რეაქტორების გასაციებლად გამოიყენებოდა, რადიოაქტიური და საფრთხის შემცველი გახდა.

იაპონია ამ წყალს რეზერვუარებში ინახავდა, თუმცა ტოკიოში საუბრობდნენ, რომ ადგილი წყლის შენახვისთვის ეწურებოდათ. 2021 წელს, წყლის უსაფრთხოებაში დარწმუნების შემდეგ, იაპონიამ მიიღო უფლება, წყალი წყნარ ოკეანეში ჩაეღვარა.

რამდენად უსაფრთხოა ეს წყალი?

ექსპერტები ამბობენ, რომ წყლის ჩაღვრა დიდწილად უსაფრთხოა. წყლის ფილტრაციის პროცესს ყურადღებით აკვირდებოდნენ საერთაშორისო რეგულატორები და დაასკვნეს, რომ პროცესი ყველაზე მკაცრ უსაფრთხოების ზომებსაც კი შეესაბამება.

ილუსტრაცია: © „ბი-ბი-სი“. თარგმანი: „ნეტგაზეთი“. წყარო: იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო.

როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, მაიონიზებელი გამოსხივების [იგივე რადიაციის] დოზა, რომელსაც ადამიანი მიიღებს, წელიწადში 0.002-დან 0.30 მზვ/წ-ს შეადგენს. თუმცა წელიწადში ადამიანს შეუძლია უსაფრთხოდ მიიღოს ბევრად დიდი დასხივება – 1.000 მზვ/წ. ამასთან ერთად, რადიაქტიური იზოტოპები, რომლებიც წყალში მაინც დარჩა, ისედაც შეიძლება იყოს აღმოჩენილი ადამიანის სხეულში.

საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტომ იაპონიის გეგმას ივლისში აუნთო მწვანე შუქი და დაასკვნა, რომ წყლის ჩაღვრას „უმნიშვნელო რადიოლოგიური ეფექტი ექნება ადამიანებსა და ბუნებაზე“.

„ეგოისტური“ იაპონია?

მიუხედავად ტოკიოს მცდელობებისა, მეზობელი ქვეყნები და საერთაშორისო საზოგადოება დაარწმუნოს გეგმის უსაფრთხოებაში, მეზობლები იაპონიას მაინც აკრიტიკებენ.

ჩინეთმა იაპონიას ბრალი დასდო „ეგოიზმში“ და ოკეანის „კერძო კანალიზაციად“ გამოყენებაში, პეკინმა უკვე აკრძალა საზღვაო პროდუქტების იმპორტი იაპონიიდან, უსაფრთხოების ზომების საბაბით.

გეგმასთან დაკავშირებით პროტესტი მოქალაქეებმა გამოხატეს როგორც სამხრეთ კორეაში, ასევე თავად იაპონიაში.

უკმაყოფილოა ოკეანიის კუნძულოვანი ქვეყნების ნაწილიც. წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმის (PIF) თავმჯდომარემ, კუკის კუნძულების პრემიერმა მარკ ბრაუნმა, რომელსაც სჯერა გეგმის უსაფრთხოების, განაცხადა, რომ ზოგი კუნძულოვანი სახელმწიფო ეწინააღმდეგება გეგმას. მათთვის შეშფოთების საგანი გეგმის უცნობი გრძელვადიანი შედეგები და პრეცედენტის დამყარებაა – ისინი შიშობენ, რომ იაპონიის მსგავსად ბირთული ნარჩენები სხვა ქვეყნებმაც შეიძლება მოიშორონ.


გარეკანის ფოტოზე: პროტესტი ტოკიოში, © EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი