მანდატურის სამსახური პოლიციურ სისტემას ემსგავსება – ინტერვიუ მაია ცირამუასთან

შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროები კანონპროექტზე მუშაობენ, რომლის მიხედვითაც, გაიზრდება სკოლის მანდატურის უფლებამოსილებები, პოლიცია და მანდატურის სამსახური მჭიდროდ ითანამშრომლებენ ერთმანეთთან, გაიზრდება ვიდეოკამერების რაოდენობა სკოლებში და ამ პროცესში ჩაერთვება ფსიქოლოგიური სამსახურიც.

შსს აცხადებს, რომ კანონპროექტს მალე წარუდგენენ პარლამენტს. კანონპროექტის თაობაზე სპეციალისტებთან გამართულ ერთ-ერთ შეხვედრას ფსიქოლოგი მაია ცირამუაც ესწრებოდა, “ნეტგაზეთი” მაია ცირამუას ესაუბრა დაგეგმილ ცვლილებებზე.

კანონპროექტის მიხედვით, როგორ იზრდება მანდატურის უფლებამოსილებები, რამდენად მისაღებია ეს ცვლილებები თქვენთვის?

ამ კანონპროექტის მიხედვით, მანდატურის ინსტიტუტი ემსგავსება პოლიციურ სისტემას. ეჭვის შემთხვევაში მანდატურს მოსწავლის ზედაპირული დათვალიერების უფლება ექნება. მანდატურს ასევე ექნება “მოსწავლის შეყოვნების” უფლება, რომელიც შეიძლება სამ საათამდე გაგრძელდეს, სანამ მისი კანონიერი წარმომადგენელი არ მივა. მანდატურის სამსახური უფრო პოლიციის უფლებამოსილებებს იძენს.

შესაძლებელია, სასკოლო სივრცეში მართლაც არსებობდეს ძალიან მაღალი რისკის ისეთი პრობლემები, რომლებიც გადაუდებელ ჩარევას საჭიროებს, მაგრამ კანონში ძალიან კონკრეტულად უნდა ჩაიწეროს, რომ ეს ქმედებები უნდა ეხებოდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევას, როდესაც ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სხვა შემთხვევაში, ჩვენ არ ვიცით, ამ ჩანაწერს როგორ გამოიყენებენ.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა. ფოტო: ლიბცენტრი

მანდატური თავისი არსით შეიძლება გახდეს ის პროფესიონალი, რომელიც გადაუდებელ კრიზისულ სიტუაციებში გარკვეულ აქტივობებს იყენებს. ეს შეიძლება იყოს ხანძარი, მიწისძვრა, შემთხვევა, როდესაც საკუთარი თავს უქმნის საფრთხეს, ან სხვას ემუქრება. ამ შემთხვევაში [უნდა] იყოს გამოყენებული ეს ქმედებები.

შსს–ს გავრცელებულ განცხადებაში საუბარია რისკ-ჯგუფების იდენტიფიცირებაზე, როგორ უნდა შეძლონ მოსწავლეებს შორის რისკ-ჯგუფების იდენტიფიცირება?

არ არის ეს გაწერილი და ცხადი. შეხვედრები და დისკუსიები იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ  ძალიან კონკრეტული და ცხადი ქმედებები უნდა იყოს, რომ ვინმეს არ ჰქონდეს ინდივიდუალური ინტერპრეტაციების საშუალება. ვიცით ძალიან კარგად, როგორია ძალადობის მაჩვენებელი სკოლაში, როგორც თანატოლებს შორის, ასევე მასწავლებლის მხრიდან ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები. საჭიროა ასეთ კრიზისულ მდგომარეობაზე საპასუხო ქმედებები, მაგრამ არა ისეთი, რომელიც ვინმეს რაიმენაირი ინტერპრეტაციის საშუალებას მისცემს… ანუ მისცემს შესაძლებლობას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ მცირე გადაცდომაზე ეს გამოიყენოს, მაშინ უკვე ვიღებთ სრულიად კონტროლზე ორიენტირებულ პოლიციურ სისტემას, რაც ძალიან დიდი კატასტროფა იქნება.

რამდენად საჭიროა  ვიდეოკამერების რაოდენობის გაზრდა?

ეს დამოკიდებულია იმაზე, კონცეპტუალურად როგორ იქნება ეს ყველაფერი გააზრებული. თუ ეს ემსახურება იმას, რომ ბავშვი სკოლის ტერიტორიაზე [გარე პერიმეტრზე თუ სკოლის შენობაში] ყველგან იყოს მაქსიმალურად დაცული, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ თუ ამას ის დატვირთვა ექნება, რომ ბავშვები შიშით ძრწოდნენ იმის გამო, რომ ყველგან კამერა უყურებს, მაშინ ჩვენ ვუბრუნდებით კონტროლზე ორიენტირებულ სისტემას, რასაც 2011 წელს ვებრძოდით, შაშკინისეულ “უსაფრთო სკოლის” მოდელს. თუ ამას ვუბრუნდებით, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი.

ამ კანონპროექტით, უბრუნდება სკოლა ისევ ამ მოდელს?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება კანონპროექტზე მუშაობა. ადამიანებმა იმუშავეს, წარმოადგინეს დოკუმენტი, და თუ ამ ადამიანებს აქვთ ღიაობა, და როგორც თქვეს- აქვთ, ისინი თანამშრომლობენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან. თუ ამ დისკუსიაში ჩაერთვება საზოგადოება და ბავშვზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, მაშინ ვიტყვით, რომ სხვა მიმართულებით მივდივართ და არ ვუბრუნდებით შაშკინისეულ სისტემას.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მანდატურის სისტემის სახეცვლილებაზე, გაძლიერებაზე, მას შემდეგ დაიწყო საუბარი, როდესაც მოზარდებს შორის დაპირისპირებას 51–ე სკოლის მოსწავლეები ემსხვერპლნენ.

კი ბატონო. თუმცა კანონით დადგენილი რეგულაციები ვერაფერს უშველის, თუკი სახელმწიფომ ამას ცოტა მასშტაბურად არ შეხედა. მაგალითად, მოსწავლემ მიიტანა სკოლაში დანა და მანდატური ამ რისკებს აღკვეთს, რომ არ გამოიყენოს, მაგრამ სად ვართ ჩვენ იქამდე, სანამ დანას აიღებს? სად ვართ იქამდე, სანამ ბავშვის ქცევა გართულდება? ამას უფრო მასშტაბურად და სისტემურად უნდა შევხედოთ? უნდა ვიცოდეთ, რა გამოწვევების წინაშეა და რა საჭიროებები აქვს ამ ბავშვს ოჯახში, ან თანატოლებთან ურთიერთობაში.

აქ საჭიროა სოციალური სამსახურის ჩართულობა. ჩვენ ხომ ვიცით, რომ აბსოლუტურად არაეფექტურები ვიქნებით, თუ სოციალურ პოლიტიკას არ გადავხედეთ. პირდაპირი ბმა არის ბავშვთა მიმართ ძალადობასა და ბავშვთა შორის ძალადობას შორის.

თუ ძალადობის პრევენციას სოციალური სამსახურის, სკოლის, პოლიციის ჩართულობით არ მივხედავთ, ცალკეული კონკრეტული ქმედებები მოგვცემს იმას, რომ სკოლა აღკვეთს სარისკო ქცევას თავის სივრცეში, მაგრამ ბავშვი ამ საჭიროებიდან, ამ სირთულეებიდან ვერ გათავისუფლდება.

კანონპროექტით გვთავაზობენ, რომ იქნება ფსიქოლოგიური მომსახურება. კი ბატონო, გადავამისამართებთ ბავშვს ფსიქოლოგიურ სერვისზე, მაგრამ მხოლოდ ბავშვთან მუშაობა არასდროსაა ეფექტური, აუცილებელია ბავშის ოჯახთან მუშაობა, აუცილებელია ბავშვის მიკროსოციუმის გაჯანსაღება, ეს იქნება ოჯახი, მისი კლასი, თუ ასე შემდეგ. მხოლოდ ინდივიუდალურ დონეზე მუშაობა არაფერს არ მოგვცემს.

კანონპოროექტის მიმართ ჩემი მთავარი შენიშვნა ისაა, რომ ყოველთვის პროტესტი მქონდა, როდესაც ფსიქოლოგიური სამსახური ექვემდებარებოდა ან დაკავშირებული იყო მანდატურის სამსახურთან. რადგან მანდატურის სამსახურმა ცოტა განსხვავებული კონცეფცია შეიძინა 2012 წლიდან, ეს დასაშვები იყო. მაგრამ თუკი მანდატურის სამსახური ისევ პოლიციურ სისტემას ემსგავსება, აბსოლუტურად გაუგებარი და დაუშვებელია, მის დაქვემდებარებაში იყოს რომელიმე ფსიქოლოგიური სერვისი.

არადა, ამ კანონპროექტში წერია, რომ მანდატურის სამსახური კოორდინაციას უწევს ფსიქოლოგიურ სერვისს. ეს არის სერიოზული ინეტერსთა კონფლიქტი. ფსიქოლოგიურ სერვისში ჩართული ბავშვის მთავარი წარმატება ეფუძნება ნდობას. თუ ნდობა არ არსებობს ფსიქოლოგსა და ბავშვს შორის, იქ ძალიან რთულია რამე შედეგზე ლაპარაკი. ასეთ პოლიციურ სისტემაში ფსიქოლოგიური სამსახურის მიმართ როგორ შეიძლება ბავშვს ჰქონდეს ნდობა, რომელთანაც ხშირ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს აღქმა, რომ ფსიქოლოგთან მის გადამისამართებას დასჯის სახე აქვს.

ფსიქოლოგიურ სერვისში ბავშვი ხდება არა მარტო ანტისოციალური ქცევითი გამოვლინებების გამო, მას შეიძლება ბევრი სხვა პრობლემა ჰქონდეს, დავუშვათ, გუნება–განწყობის დავქეითება, ემოციური პრობლემა ჰქონდეს, კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდეს, რომელიც არ წარმოადგენს არანაირ რისკს სასკოლო სივრცეში. გამოდის, რომ ჩვენ მხოლოდ იმ ბავშვებზე ვაკეთებთ აქცენტს, რომელიც თავისი ხმაურით, თავისი ქცევითი გამოვლინებით პრობლემას უქმნიან სკოლას, მაგრამ რამდენი ბავშვია, რომელსაც სერიოზული პრობლემა აქვს და სჭირდება დახმარება, ამ დროს არანაირ პრობლემას არ უქმნის სწავლის პროცესს.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად გავიაზროთ ფსიქოლოგიური სერვისის არსი, დატვირთვა და მისი ადგილი. მისი ადგილი ნამდვილად არ არის მანდატურის სამსახურში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com