ახალი ამბები

ქეთი მსხილაძე: იაკობაშვილის განცხადებამ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაცია შელახა

5 თებერვალი, 2018 • 2690
ქეთი მსხილაძე: იაკობაშვილის განცხადებამ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაცია შელახა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ქეთი მსხილაძე მიიჩნევს, რომ საბჭოს კიდევ ერთი წევრის, გია იაკობაშვილის მიერ ჟურნალისტების შეურაცხყოფა ლახავს როგორც სამეურვეო საბჭოს, ისე მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაციას. ამის შესახებ მსხილაძემ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

საქმე ეხება ფეისბუკ სტატუსს, სადაც იაკობაშვილი “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასა” და ხელმომწერ 300-ზე მეტ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით მოიხსენიებს. გარდა ამისა, იაკობაშვილი მიიჩნევს, რომ ქარტიის წევრობა რეგიონის ჟურნალისტებისთვის გრანტის მიღების ინსტრუმენტია.

სქრინი გია იაკობაშვილის ფეისბუკიდან

 

“რასაკვირველია, გია იაკობაშვილის ამ სტატუსმა შელახა არა მხოლოდ სამეურვეო საბჭოს, არამედ მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაცია და ეს ძალიან დასანანია. მე დღეს მას პირადადაც ვუთხარი და მედიის საშუალებითაც განვაცხადე, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ეს ყველაფერი. მის მოსაზრებებს, ცხადია, მე არ ვიზიარებ, მაგრამ ერთია ვიღაცის მოსაზრებებს არ იზიარებდე , მეორეა გამოხატვის ფორმა. ყველა და ყველაფერი შეიძლება გააკრიტიკოს ადამიანმა, ამაზე შეზღუდვა არ არსებობს და გვაქვს სიტყვის თავისუფლება, მაგრამ გაკრიტიკების ფორმა ძალიან მნიშვნელოვანია. ზრდილობის ფარგლების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს კიდევ უფრო მეტად მოეთხოვება ისეთ საჯარო  პირს, როგორიც არის ბატონო გია იაკობაშვილი”- განაცხადა ქეთი მსხილაძემ.

ქეთი მსხილაძის თქმით, რა პრეტენზიებიც გაჩნდა იაკობაშვილთან დაკავშირებით, ლეგიტიმურია და ეს “უნდა გახდეს ძალიან სერიოზული მსჯელობის საკითხი”.  

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად შეიძლება ეს საქციელი იაკობაშვილისთვის სამეურვეო საბჭოს დატოვების საფუძველი გახდეს, მსხილაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ფეისბუკ სტატუსი საბჭოს დატოვების საფუძველი შეიძლება იყოს, თუმცა, ამის იურიდიული პროცედურა არ არსებობს.

“მე მიმაჩნია, რომ ასეთი გამოხტომები და ეპaტაჟები არის დაუშვებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრისთვის. უსათუოდ უნდა იყოს დაცული ზღვარი ზრდილობას, უზრდელობასა და უხამსობას შორის. საფუძველი, ცხადია, შეიძლება გახდეს [სამეურვეო საბჭოს დატოვების], მაგრამ სამეურვეო საბჭოს რაიმე პროცედურა არ აქვს გაწერილი თავისი წევრის უსაქციელობაზე რეაგირების მოსახდენად.  არ აქვს იმიტომ, რომ ალბათ, როდესაც კანონი იქმნებოდა, ჩაითვალა და ითვლება ახლაც, რომ აქ მოდიან ზრდასრული ადამიანები, რომლებსაც კარგად ესმით და გათავისებული აქვთ დემოკრატიული ღირებულებები, კარგად ესმით, რა არის ზრდილობის ზღვარი და უზრდელობის ზღვარი, კარგად ესმით სიტყვის თავისუფლების ფარგლები და ისიც კარგად ესმით, რას ნიშნავს, საჯარო პირი რომ ხარ” – განაცხადა ქეთი მსხილაძემ.

იაკობაშვილის განცხადებას ეხმაურება კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ და რეგიონული მედია.

“კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მიმართავს საქართველოს პარლამენტს და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, მოახდინონ რეაგირება და ღიად დააფიქსირონ პოზიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გიორგი იაკობაშვილის საჯარო განცხადებაზე.

საქართველოს პარლამენტის მხრიდან რეაგირების აუცილებლობაზე საუბრობენ რეგიონული მედიის წარმომადგენლებიც, ისინი მოუწოდებენ “საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დეპუტატებს, საჯაროდ გამოხატონ საკუთარი პოზიცია და გაემიჯნონ მათ მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად არჩეული პირის განცხადებას, რომელიც შეურაცხყოფს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებს, ამცირებს მათ საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის, ასევე ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების საჯაროდ აღიარების და ერთგულების გამო. მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს, გაემიჯნონ გიორგი იაკობაშვილის განცხადებას” – ნათქვამია განცხადებაში.  განცხადებას უერთდებიან:

კახეთის საინფორმაციო ცენტრი;

„გაზეთი ბათუმელები“;

„სამხრეთის კარიბჭე“ (სამცხე-ჯავახეთი);

პანკისის სათემო რადიო;

მარნეულის სათემო რადიო;

ნინოწმინდის სათემო რადიო NOR;

„ახალი გაზეთი“ (იმერეთი);

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი;

სამაუწყებლო კომპანია TV25 (აჭარა);

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ (ქუთაისი);

„გურია ნიუსი“;

გაზეთი „კახეთის ხმა“;

სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი;

ინტერნეტგამოცემა „ქუთაისი პოსტი“;

რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB);

ლაივპრესი

მასალების გადაბეჭდვის წესი