კოალიცია იაკობაშვილის შეურაცხმყოფელ განცხადებებზე პარლამეტის და ბორდის რეაგირებას ითხოვს

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მიმართავს საქართველოს პარლამენტს და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, მოახდინონ რეაგირება და ღიად დააფიქსირონ პოზიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გიორგი იაკობაშვილის საჯარო განცხადებაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, გიორგი იაკობაშვილი, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვე, ადგენს მაუწყებლის პრიორიტეტებს, განსაზღვრავს განვითარების სტრატეგიას და აკონტოლებს მენეჯმენტს:

“ამ პოზიციაზე საქართველოს პარლამენტმა ის 2017 წელს 84 ხმით აირჩია, რაც დეპუტატებსაც შესაბამის პასუხისმგებლობას აკისრებს. საბჭოს წევრის ხელფასი არჩევის დღიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის დაფინანსებული.”

კოალიცია აღნიშნავს, რომ გიორგი იაკობაშვილი სისტემატურად აკეთებს არაეთიკურ, შეურაცხმყოფელ, უხამს განცხადებებს. ბოლო ასეთი განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა 3 თებერვალს გამოაქვეყნა, სადაც უხამსად მოიხსენია თვითრეგულირების დამოუკიდებელი ორგანო, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, მისი წევრი რეგიონული ჟურნალისტები, ზოგადად, არასამთავრობო ორგანიზაციები:

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დამოუკიდებელი თვითრეგულირების ორგანოა, რომელიც დღეს 318 ჟურნალისტს აერთიანებს და ხელს უწყობს ქვეყანაში მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვირდებას. სამეურვეო საბჭოს წევრის განცხადება აზიანებს არა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის იმიჯს, არამედ უპატივცემულობას იჩენს პროფესიული სტანდარტების მიმართ.”

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ დაუშვებლად მიიჩნევს, რომ პარლამენტმა და სამეურვეო საბჭომ რეაგირების გარეშე დატოვოს გიორგი იაკობაშვილის განცხადებები, ვინაიდან ის, როგორც მეურვე, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორი ღირებულებების და იმიჯის მატარებელია საზოგადოებრივი მაუწყებელი.

გიორგი იაკობაშვილი სამთავრობო პარტიის – „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხარდაჭერით მოხვდა საზოგადოებრივ მაუწყებელში. მას საზოგადოებრივ მაუწყებელში უფლებამოსილების ვადა 2020 წლამდე აქვს განსაზღვრული, ხოლო ყოველთვიურად 3 800 ლარს იღებს ხელფასის სახით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.