ახალი ბინები, ავტომობილები და სხვა ცვლილებები კახა კალაძის 2017 წლის ქონებრივ დეკლარაციაში

თბილისის მერმა კახა კალაძემ 2017 წელს ორი ბინა და სამი ავტომობილი შეიძინა. ასევე გაეზარდა სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები.

დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2017 წლის პერიოდს მოიცავს, კალაძემ ჭავჭავაძის გამზირზე 2 ბინა და 2 ავტოფარეხი შეიძინა. ორივე ბინის საერთო ფართი 200 კვადრატული მეტრია, ხოლო ავტოფარეხების საერთო ფართია 37.8 მ2. უძრავ ქონებაში მერმა 160 000 აშშ დოლარი გადაიხადა.

გასულ წელს კალაძემ და მისმა მეუღლე ანა არეშიძემ სამი ავტომობილი შეიძინეს: ტოიოტა ლენდ კრუიზერი (TOYOTA LAND CRUISER 200), მინი კუპერი (MINI COUPER CLUBMAN) და მერსედეს ბენცი (MERCEDES BENZ VIANO). სამივე ავტომობილში 110 000 აშშ დოლარი და 40 ათასი ევრო გადაიხადეს.

შარშან კახა კალაძემ 380 000 ლარად გაყიდა ავტომობილი MERCEDES G63.

საქართველოსა და საზღვარგარეთის ბანკებში კალაძის ანგარიშებზე ირიცხება 3 914 489 აშშ დოლარი, 4 600 224 ევრო და 20 ლარი. მისი ანგარიშები ძირითადად ირიცხება Julius baer-სა და ინტეზა სან პაოლოს ბანკებში.

2016 წელთან შედარებით, კალაძის ანგარიშებზე არსებული თანხები შემცირდა: ამ წელს მის ანგარიშებზე ირიცხებოდა 3 604 625 აშშ დოლარი, 5 052 219 ევრო და 87,57 ლარი.

კალაძის მეუღლეს, დიზაინერ ანა არეშიძეს, ბანკში 14 182 ევრო და 12 081 ლარი აქვს.

2017 წელს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე ანაზღაურების სახით კალაძემ 38 988 ლარი აიღო, ხოლო თბილისის მერის პოზიციაზე – 5 149 ლარი.

კალაძემ უკრაინაში დაფუძნებული კომპანია “იუკასგან” შემოსავლის სახით მიიღო 470 000 ევრო, რაც, 2016 წელთან შედარებით 10 000 ევროთი ნაკლებია. ასევე, უკრაინაში დაფუძნებული კომპანია “ნესტ გრუპისგან” მიიღო 280 000 ევროს ოდენობის შემოსავალი, რაც 30 000 ევროთი მეტია 2016 წელს მიღებულ შემოსავალთან შედარებით.

კალაძემ სესხის სახით გასცა 802 600 ლარი, 2 516 297 დოლარი, საიდანაც მას შემოსავალი არ მიუღია. 2016 წელს კალაძემ 1 314 727 ლარი და 2 516 297 დოლარი გაასესხა.

2017 წელს თავად კალაძემ აიღო სესხი 3 809 000 დოლარის ოდენობით, საიდანაც გასავალი ჰქონდა 852 136 დოლარი. კალაძემ სესხად კიდევ აიღო 490 094 ევრო, საიდანაც გასავალი ჰქონდა 272 217 ევრო. კალაძეს ვალად ასევე აქვს აღებული 1 100 000 ლარი, საიდანც გასავალი ჰქონდა 139 918 ლარი.

ანა არეშიძეს სესხის სახით აღებული აქვს 410 000 დოლარი. 2017 წელს მას გასავალი ჰქონდა 253 384 დოლარი.

2017 წელს კალაძემ შვილების განათლებისთვის 21 810 დოლარი გადაიხადა, ქონების გადასახადი კი – 35 184 ლარი. ეზოს მოწყობისთვის, ავეჯისა და საოჯახო ტექნიკის შესაძენად 42 231 ლარი და 33 119 ევრო დახარჯა. ქველმოქმედებისთვის 350 000 ლარი გადაიხადა, რაც 2016 წელთან შედარებით 50 000 ლარით მეტია.

კახა კალაძემ თავისი ძირითადი ქონება საფეხბურთო კარიერის დროს, საფეხბურთო კლუბ “მილანში” ფეხბურთელად მუშაობისას დააგროვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com