იტალიური სოფელი შესაკეთებელ სახლებს 1 ევროდ ყიდის

იტალიურ სოფელ ოლოლაიში, რომელიც სარდინიაზე მდებარეობს, 200-მდე ქვის სახლი 1 ევროდ იყიდება.

თუმცა არსებობს ერთი პირობა: ყოველი სახლი, რომელიც 1 ევროდ იყიდება, საჭიროებს შეკეთებას. ის, ვინც სახლს იყიდის, 3 წლის განმავლობაში მისი შეკეთების ვალდებულებას იღებს, რაც საშუალოდ 25 000 დოლარი დაჯდება, წერს CNN.

სოფელი იმედოვნებს, რომ გაყიდვები მის ისტორიას შეინარჩუნებს და მოსახლეებს გაამრავლებს, რომელთა რიცხვიც გასულ 50 წელიწადში 2 250 ადამიანიდან 1 300-მდე შემცირდა.

“ჩვენ ვამაყობთ პრეისტორიული წარმოშობით. ჩვენი მიზანია, რომ უნიკალური ტრადიცია გადაშენებისგან დავიცვათ. ჩვენი სიძლიერე წარსულშია. არ მივცემთ ჩვენს სოფელს სიკვდილის უფლებას” – განუცხადა CNN-ს  ოლოლაის ხელმძღვანელმა ეფისიო არბაუმ.

გაქრობის პირას მყოფი სოფელი

CNN-ის ცნობით, ოლოლაი სარდინიის ყველაზე ხელუხლებელ და ავთენტურ ნაწილად ითვლება.

“ერთ დროს ხმაურიან, ლაბირინთივით ქუჩებსა და ფრესკებით მოხატული მოედნებში ახლა სიჩუმეა, რადგან ახალგაზრდობა უფრო დიდ ქალაქებში წავიდა. ზოგიერთი ტრადიცია კვლავ შენარჩუნებულია. ადგილობრივი მწყემსები კვლავ ამზადებენ რეგიონში ცნობილ ცხვრის ყველს, Casu Fiore Sardo-ს”, – წერს CNN.

აღდგენის პროცესი

ოლოლაის სახელი ძველი საბრძოლო ყიჟინისგან “ალალესგან” მოდის. CNN-ის ინფორმაციით, ეფისიო არბაუ მიტოვებული სახლების მფლობელებს დაუკავშირდა და  თვითმმართველობისთვის გადაცემა სთხოვა. სწორედ ამ სახლებს ჰყიდის ახლა 1 ევროდ. მიუხედავად ქონების ცუდი მდგომარეობისა, სამი სახლი უკვე გაიყიდა/ არბაუს თქმით, 100-მდე ყიდვის მოთხოვნა მიიღო მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის- რუსეთიდან და ავსტრალიიდან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
დათო ოქროპირიძე