ახალი ამბები

სააკაშვილი:მე ივანიშვილის ზებრა კი არ ვარ, დამიჭიროს და გალიაში ჩამსვას

27 აგვისტო, 2013 • • 1613
სააკაშვილი:მე ივანიშვილის ზებრა კი არ ვარ, დამიჭიროს და გალიაში ჩამსვას

“პუტინი ვეღარასდროს აღიდგენს ძველ, ე.წ “პალაჟენიას” პოსტსაბჭოთა სივრცეში”– განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, ვიდრე ცოცხალია და გარეთ არის, პოსტსაბჭოთა ლიდერები უსიტყვოდ აღარ შეასრულებენ რუსეთის მითითებებს.

“პუტინმა არაერთხელ თქვა, რომ სააკაშვილი მკვდარია. მედვედევმა და პუტინმა თქვეს, რომ გაუხარდებათ, თუ სააკაშვილს ვინმე დააპატიმრებს. იმიტომ, რომ სანამ მე დავდივარ თავისუფალი და ცოცხალი, პუტინი ვეღარასდროს აღიდგენს ძველ, ე.წ “პალაჟენიას” პოსტსაბჭოთა სივრცეში. ჩამოიშალა ეს გავლენა 2008 წლის შემდეგ. გაბედა დსთ-ს სახელმწიფოს ერთ-ერთმა ლიდერმა და მას არ დაუხარა თავი. სანამ მე ცოცხალი ვარ და სანამ გარეთ ვარ, არც ერთი პოსტსაბჭოთა ლიდერი აღარ დაბრუნდება იმ მდგომარეობაში, როდესაც უსიტყვოდ ასრულებს რუსეთის მითითებას. ეს შეიცვალა ბოლო წლებში და ეს გავაკეთეთ ქართველმა ხალხმა, ჩვენმა თავისუფლების მოყვარე პოლიტიკამ”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

სააკაშვილის განცხადებით, ეჭვს არ იწვევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ორი მილიარდი დოლარი აიღო რუსეთისგან არჩევნების დროს:

“ეჭვს არ იწვევს, რომ ივანიშვილმა ორი მილიარდი დოლარი აიღო რუსეთისგან არჩევნების დროს. ამას არც თვითონ უარყოფს და რომც უარყოს, რა აზრი აქვს, რუსები ადასტურებენ ყოველ ნაბიჯზე. ვინ ვის დაიჭერს, მე ივანიშვილის ზებრა კი არ ვარ, რომ ივანიშვილმა დამიჭიროს და გალიაში ჩამსვას, ან რომელიმე სხვა შინაური ცხოველი. ამიტომ, ერთია მათი სურვილები, ერთმანეთთან შეთანხმება და მეორეა, რა იქნება რეალობა. რეალობა იქნება ის, რომ ქართველი ხალხი ყველას თავის ადგილს მიუჩენს. რაც შემეხება მე, მე განმსჯის ისტორია და არა რომელიმე ზოოპარკის დირექტორი”, – განაცხადა სააკაშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი