ახალი ამბებისამართალი

ოთარ აბესაძე წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

15 იანვარი, 2018 • 6672
ოთარ აბესაძე წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიების ფორმა შეუცვალეს და წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლას სასამართლოში აბესაძის მხარე ითხოვდა. დღეს მისმა ადვოკატებმა ექსპერტიზის დასკვნაც წარადგინეს, სადაც მათი თქმით, ეწერა, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

ადვოკატ ირმა ჭკადუას განცხადებით, ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა 10 000 ლარის ოდენობით და ვალდებულია, პასპორტი ჩააბაროს სასამართლოს.

თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ოთარ აბესაძე ქრთამის აღებაშია ბრალდებული.

გამოძიების ცნობით, 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში, მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფეს და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის მერიის სხვადასხვა სამსახურიდან საჭირო ნებართვების დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

სუს-ის ცნობით, მან ხსენებულ მოქალაქეებს განუმარტა, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი მასთან შეთანხმებული იყო  და ტივის მოსაწყობად საჭირო სამუშაოები შეეძლოთ უპრობლემოდ დაეწყოთ. იგი უზრუნველყოფდა, რომ სარემონტო სამუშაოების წარმოებისას არ დაჯარიმებულიყვნენ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ.

სუს-ის ცნობით, მიმდინარე წლის 11 ივლისს ოთარ აბესაძემ ზემოაღნიშნულ ერთ-ერთ მოქალაქეს გამოართვა მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა 3000 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.


28 წლის ოთარ აბესაძე საზოგადოებამ გაიცნო კოალიცია “ქართული ოცნებიდან”. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში “ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო.

ოთარ აბესაძე იყო განათლების მინისტრის მრჩეველი გიორგი მარგველაშვილისა და თამარ სანიკიძის მინისტრობის პირობებში. 2016 წელს განათლების სამინისტრო დატოვა. 2017 წლის მარტიდან კი საკრებულოში თბილისის მერიის წარმომადგენლად მუშაობდა. აბესაძე არის ეკონომიკის დოქტორი და პარალელურად კითხულობდა ლექციებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი