ახალი ამბები

საქართველოს კორუფციის შესახებ OECD-ის მონიტორინგში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ

19 მარტი, 2024 • 794
საქართველოს კორუფციის შესახებ OECD-ის მონიტორინგში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) გამოაქვეყნა აზერბაიჯანის, მოლდოვის, სომხეთის და უკრაინის ანტიკორუფციული გარემოს მონიტორინგის მე-5 რაუნდის ანგარიშები, რომლებიც ანტიკორუფციული ქსელის (OECD/ACN) მიერ მომზადდა.

ანგარიშები აფასებს ანტიკორუფციული რეფორმებს შემდეგი მიმართულებებით: ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, პროკურატურის დამოუკიდებლობა, კორუფციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება, სპეციალიზებული ანტიკორუფციული ინსტიტუტები, ბიზნესის კეთილსინდისიერება, სახელმწიფო შესყიდვები, მამხილებელთა დაცვა, ინტერესთა კონფლიქტი და ქონებრივი დეკლარაციები. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც მონიტორინგის მე-5 რაუნდში მონაწილეობაზე უარი თქვა.

„საქართველომ, ოდესღაც ანტიკორუფციული რეფორმების ლიდერმა რეგიონში, მონიტორინგის მე-5 რაუნდში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. OECD მოუწოდებს საქართველოს, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას და ხელახლა შეუერთდეს კოლეგიალური შეფასების (peer review) პროგრამას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გასაგრძელებლად“, — ნათქვამია OECD-ის მიერ 14 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

OECD-ის განცხადებას ეხმაურებიან საქართველოს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მათი განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შემდეგ იმედი გაჩნდა, რომ საქართველო დაუბრუნდებოდა ამ პროცესს, თუმცა ეს დღემდე არ მომხდარა.

„ქვეყნის ანტიკორუფციული გარემოს შეფასება და გამოწვევების გამოვლენა სწორედ ანტიკორუფციული ბიუროსთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რადგან ეს უწყებაა პასუხისმგებელი პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაზე. საქართველოს მეოთხე წელია, არ აქვს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ კორუფციასთან ბრძოლა ეროვნულ დონეზე ფაქტობრივად გაჩერებულია“, — ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ OECD/ACN-ის პროცესში დაბრუნებისკენ საქართველოს მოუწოდებს ევროკომისიაც. 2023 წლის ნოემბერში მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკომისია საქართველოს მთავრობისგან მოელის OECD/ACN-ის მონიტორინგის პროცესიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას და ასევე, წინა მონიტორინგის რაუნდების რეკომენდაციების სრულად განხორციელებას.

„ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს ევროკომისიის რეკომენდაცია, დაუბრუნდეს OECD/ACN-ის პროცესს და არ შეაფერხოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი“, — ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო (TI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC).

საქართველოს მთავრობამ 2023 წელს, 20 წლის განმავლობაში პირველად, უარი თქვა „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის” ანტიკორუფციული ქსელის (OECD/ACN) მონიტორინგში მონაწილეობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მთავრობამ OECD/ACN პროცესის შეფერხება ჯერ კიდევ 2021 წელს სცადა, როცა მე-5 რაუნდის საპილოტე ანგარიში მზადდებოდა — ანტიკორუფციული რეფორმების, განსაკუთრებით კი დამოუკიდებელი სასამართლოსა და პროკურატურის კომპონენტში კრიტიკული შეფასების მიღების გამო, მთავრობა ანგარიშის საჯაროდ გამოქვეყნებას ეწინააღმდეგებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი