ტრამპმა გაერთიანებულ სამეფოში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა

დონალდ ტრამპმა გაერთიანებულ სამეფოში თებერვალში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა “ტვიტერის” გვერდზე დაწერა. ტრამპი ლონდონში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით, ამერიკის ახალი საელჩოს გახსნაზე უნდა ჩასულიყო.

პრეზიდენტის თქმით, საელჩოს ახალი შენობის გახსნის დიდი გულშემატკივარი არასდროს ყოფილა და ეწინააღმდეგება ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ძველი შენობა ძალიან იაფად გაიყიდა.

“მიზეზი, რის გამოც გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტი გავაუქმე, არის ის, რომ არასდროს ვყოფილვარ დიდი გულშემატკივარი ობამას ადმინისტრაციის მიერ საუკეთესო ადგილას მდებარე შესანიშნავი შენობის ცენტებად გაყიდვის მხოლოდ იმისთვის, რომ სხვა ადგილას ახალი შენობა 1.2 მილიარდ დოლარად აშენებულიყო. ცუდი გადაწყვეტილებაა. გინდოდათ, ლენტი გამეჭრა? ვერ მოგართვით!”

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, საელჩოს შენობა ყატარულ კომპანიაზე  2009 წელს გაიყიდა. მაშინ CNN იუწყებოდა, რომ დეპარტამენტს სურდა, ქვეყნის დიპლომატიური უწყება მეტად “თანამედროვე, გახსნილ და დაცულ” სივრცეში გადასულიყო. თუმცა ახალი შენობის მოწყობამდე საელჩო ამ დრომდე ძველ ადგილას რჩება.

ტრამპი გაერთიანებულ სამეფოში დედოფალმა ელიზაბეთ II-მ მიიწვია, თუმცა ვიზიტის ვადები და სხვა დეტალები ამ დრომდე არ იყო ცნობილი. გასული წლის ივნისში “გარდიანი” იუწყებოდა, რომ ტრამპს ლონდონში მის საწინააღმდეგოდ დაგეგმილი საპროტესტო კამპანიის გამო ვიზიტის გაუქმება სურდა, რის შესახებაც პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ტელეფონით აუწყა. გამოცემა ინფორმაციას მთავრობის ერთ-ერთ მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებდა, თუმცა მოგვიანებით ცნობა უარყვეს როგორც თეთრ სახლში, ისე “დაუნინგ სთრითზე”.

პროტესტი ტრამპის ვიზიტის წინააღმდეგ ბრიტანელთა ნაწილმა მისი ჩანიშვნისთანავე დაიწყო. კამპანიის ორგანიზატორები ირწმუნებოდნენ, რომ პრეზიდენტს მრავალათასიანი აქციით დახვდებოდნენ. მანამდე, 2017 წლის იანვარში მოწყობილ “ქალთა მარშს” ბრიტანეთის მოქალაქეები ლონდონში ჩატარებული დემონსტრაციით შეუერთდნენ, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა. მასშტაბური აქცია გაიმართა თებერვალშიც, უშუალოდ ტრამპის ვიზიტის წინააღმდეგ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან