თბილისის ხედი

მერიამ თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი 140 000 ლარით დააჯარიმა

თბილისის მერიამ თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე “სითი ინსტიტუტი” 145 000 ლარით დააჯარიმა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი ცნობით, ორგანიზაციას ათდღიანი ვადა აქვს ხარვეზების გამოსასწორებლად.

საკითხთან დაკავშრებით “ნეტგაზეთი” ამ დრომდე ცდილობს “სითი ინსტიტუტის” პოზიციის მოსასმენად ორგანიზაციის წარმომადგენლებთან დაკავშირებას. რაც შეეხება არქიტექტურის სამსახურის პოზიციას, სამსახურის უფროსი თემურ ბვოლოთაშვილი ამბობს, რომ გენგეგმის სამუშაო ვერსიის მთავარი ხარვეზი რიგი გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობაა.

“ნებისმიერ საპროექტო გადაწყვეტას, რაც არის წარმოდგენილი გენგეგმიუს პროექტში, უნდა ახლდეს სათანადო დასაბუთება. მაშინაც, როცა ეს გადაწყვეტა შეიძლება კარგი იყოს, მაინც არის საჭირო დასაბუთება, რათა დავრწმუნეთ, რომ ის კონკრეტულ პრობლემას გადაჭრის. ეს არის ხარვეზი, რომელიც ბევრი კუთხით აქვთ მათ. არის კონკერტული ტიპის შენიშვნებიც ტრანსპორტთან მიმართებაში, ფუნქციური ზონების ცვლილებასთან მიმართებაში და ა.შ. გვაქვს ბევრი კითხვის ნიშანი, რასაც უნდა გაეცეს პასუხი”, – განუცხადა ბოლოთაშვილმა “ნეტგაზეთს”.

დღესვე, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლებს თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი და არქიტექტურის სამსახურის უფროსი თემურ ბოლოთაშვილი შეხვდნენ. შეხვედრაზე იმ შენიშვნებზე ისაუბრეს, რომლებიც დედაქალაქის ხელმძღვანელობას თბილისის განვითარების მთავარი დოკუმენტის მიმართ გააჩნია.

ილია ელოშვილმა “სითი ინსტიტუტს” გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ სრულფასოვანი დოკუმენტის მისაღებად არსებული ხარვეზების გამოსწორება აუცილებელია.

„მერიამ დოკუმენტთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები დაადგინა და ველოდებით, რომ ისინი ამ ყველაფერს გამოასწორებენ. ავუხსენით, თუ სად გვქონდა ძირითადი ხარვეზები, რაში ვხედავდით პრობლემას. იმედია, ჩვენს შენიშვნებს გაითვალისწინებენ და დადგენილ ვადაში ახალ, გაუმჯობესებულ დოკუმენტს წარმოადგენენ“, – განაცხადა მერის მოადგილემ.

დედაქალაქის მერიამ თბილისის გენერალური გეგმის დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფს დოკუმენტში გარკვეული ხარვეზები დაუდგინა და მათ გამოსასწორებლად ათდღიანი ვადა მისცა. თბილისის მერიის შენიშვნები დოკუმენტში ძირითადად ეხება ზონირების, ტრანსპორტის განვითარებისა და მშენებლობის საკითხებს.

 

თბილისის გენერალური გეგმის მოსამზადებლად მუშაობა 2015 წელს დაიწყო. დოკუმენტის შესაქმნელად მერიამ “სითი ინსტიტუტს” 2 800 000 ლარი გამოუყო. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ დოკუმენტი ქალაქის მთავრობას მიმდინარე წლის აპრილში უნდა დაემტკიცებინა, თუმცა ის ამ დრომდე არ არის მიღებული.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან