ახალი ამბები

“კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების” – რესპუბლიკელები პრემიერის გინებაზე

20 დეკემბერი, 2017 • 15195
“კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების” – რესპუბლიკელები პრემიერის გინებაზე

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ლიდერები, ლევან ბერძენიშვილი და დავით ზურაბიშვილი მიიჩნევენ, რომ პრემიერმა პარლამენტში ატეხილი ლანძღვა-გინებით დაუშვა უმძიმესი პოლიტიკური შეცდომა, ხოლო მისი თავის მართლება კიდევ უფრო დიდი შეცდომა იყო.

“მოგეხსენებათ, რუსთაველის ერთ-ერთი კარგი სიბრძნეა – “კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდებისო”. ანუ, რაც არის ადამიანის ბუნება, ის არ დაიმალება. არ დაიმალა, რომ ჰალსტუხიანი, გაწონასწორებული და თავაზიანი პრემიერის უკან დგას ჩვეულებრივი ძველი ბიჭი, რომელიც თავს ასე იცავს ხოლმე. მას ჰგონია, რომ ეს არის ღირსების დაცვა.

პრემიერმა აჩვენა თავისი ნამდვილი სახე. საერთოდ, ადამიანი კრიტიკულ მომენტში ყველაზე უფრო კარგად იხსნება და მან აჩვენა რეალურად, ვინ მართავს ქვეყანას. რას მართავს და რას ვერა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მან უბრალოდ ვერ შეიკავა თავი და აჩვენა დაბალი პოლიტიკური კლასი – აჩვენა, რომ დედას იგინება და ამის მერე მის გუნდში ჩაითვალა, რომ ეს არის ღირსების დაცვა. ესე იგი, როგორც ჩანს, ძველბიჭური გაგება მთელ მთავრობას არის მოდებული, თითქოს ღირსება უნდა დაიცვა ასე. მის ადგილას ღირსებას დავიცავდი კარგი მუშაობით და წარმატებებით. ჩემი აზრით, პრემიერ-მინისტრმა ბოლო ნაბიჯი გადადგა და იგი დიდხანს ვეღარ იქნება ამ თანამდებობაზე,” – ამბობს რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებელი, ლევან ბერძენიშვილი.

როგორც ლევან ბერძენიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, გიორგი კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას “წყალი შეუყენა” და ღელავს, ხოლო ნიკა მელია არაფერ შუაშია.

“უკაცრავად, მაგრამ საზოგადოების წინაშე ბოდიშის მოხდა რა უბედურებაა? მე რომ თქვენ შეგაგინოთ ახლა და საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო… პარლამენტის წევრს აგინა. ნებისმიერ ქვეყანაში ქვეყნის პირველი პირი უკვე გადამდგარი იქნებოდა, რა ბოდიში შველის მაგას? პრემიერს თუ ამდენი თავშეკავების უნარი არ აქვს, რანაირი პოლიტიკოსია? ყველანი ადამიანები ვართ და ვიცით, რა და როგორ არის. გასაგებია, რომ აქ მელია არაფერ შუაშია. კაცი ფიქრობს, რომ წყალი შეუდგა და ღელავს – მეტი არაფერი იქ არ ჩანდა. ღელავს იმის გამო, რომ ფიქრობს, ვიღაცამ წყალი შეუყენა. ისეთმა კაცმა თქვა მასზე ეს, რომ ისე თავისით არ იტყოდა – ამის ეჭვი აქვს. უმცროსმა “გრეჩიხამ” თავისი აზრი კი არა, ვიღაცის აზრი გააჟღერა. ვფიქრობ, როგორც თავის დროზე, ნატოზე გვესაუბრებოდა მეჭიაური და ეს არ იყო მისი აზრი, არამედ ვიღაცამ უთხრა, ასე თქვიო, ისიც ასე ფიქრობს. იცნობს ტექნოლოგიებს და არ ეყო ნებისყოფა, რომ თავი შეეკავებინა,” – ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

რესპუბლიკელების კიდევ ერთი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრემიერს გაცილებით მეტი თავშეკავება მართებდა. მისი თქმით, როგორც არ უნდა გაგაბრაზონ, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მით უმეტეს, პარლამენტში:

“როდესაც ნაციონალური მოძრაობა და ხელისუფლება უპირისპირდება ერთმანეთს, ეს გასაგებია, მაგრამ გინებამდე, შეურაცხყოფამდე და ხელის დარტყმამდე საქმე არ უნდა მიიყვანო. პრემიერმა დაუშვა უმძიმესი შეცდომა პოლიტიკურად. ჩაიდინა ის საქციელი, რაც არ უნდა ჩაედინა, მიუხედავად იმისა, რასაც ეუბნებოდა და როგორც ცდილობდა მისი მწყობრიდან გამოყვანას ოპონენტი. ეს სრულიად სხვა ამბავია.”

დავით ზურაბიშვილი უფრო მეტად შეაშფოთა გიორგი კვირიკაშვილის მობოდიშებამ, როდესაც პრემიერმა განაცხადა, რომ მათ ჯერ ღირსება უნდა დაიცვან და მერე სხვა დანარჩენი:

“ეს ცოტა უფრო ცუდი სიმპტომია, ჩემი აზრით, როცა ის აღიქვამს ოპონენტების მხრიდან კრიტიკას და თუნდაც ცუდ/შეურაცხმყოფელ კრიტიკას, რის გამოც რაღაც ძველბიჭური გარჩევების კონტექსტში გადაჰყავს. პრემიერი არ უნდა გაბრაზდეს ამაზე და არ უნდა შეიგინოს, ამაზე ორი აზრი არ არის და გამართლება არ აქვს მის საქციელს, მაგრამ ამის გამართლება შემდეგ იმით, რომ ღირსება დაიცვა, კიდევ უფრო არასწორი მგონია. საერთოდ, თავისთავად სწორია, რომ ბოდიში მოიხადა, მაგრამ უნდა დაკმაყოფილებულიყო ბოდიშის მოხდით, მაგრამ გამოუვიდა გამართლებასავით, თან ისეთ კონტექსტში, რომ ამასაც არ აქვს გამართლება,” – ამბობს დავით ზურაბიშვილი.

რესპუბლიკელების ლიდერი იხსენებს საკანონმდებლო ორგანოში ქუჩური გარჩევების შემთხვევებს, როდესაც ჯაბა იოსელიანი იყო პარლამენტის წევრი: “მე მგონი, იმის მერე ცივილიზებულობის თვალსაზრისით, ცოტა წინ უნდა წავიდეთ – რა დროს ეგ არის? ის კიდევ უფრო სამარცხვინოა, როცა იტყვი “კაცურად დავუდგეთ გვერდში”.

დათო ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მომავალ თაობაზე პრემიერის დღევანდელი საქციელი ცუდ გავლენას მოახდენს. როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც რადიკალური შეხედულებები აქვთ ნაციონალური მოძრაობის მიმართ და გაამართლებენ პრემიერს:

“დარწმუნებული ვარ, რომ დაურეკავენ ბატონ კვირიკაშვილს და ეტყვიან – ჯიგარი ხარ და უნდა დაგერტყა, მაგის …. . ამას თუ აჰყვა მთავრობა და ასეთ კონტექსტში თუ გადავიდა ურთიერთობები… არ შეიძლება! როცა პოლიტიკაში და ხელისუფლებაში ხარ, გაცილებით მეტი თმენის ვალდებულებები გაქვს. თავი რომ შეეკავებინა პრემიერს და ეპასუხა უფრო აკადემიურად, მიუხედავად იმისა, უსინდისოს დაუძახებდა მელია თუ კორუმპირებულს, მას უნდა ეპასუხა ღირსეულად და კორექტულად – ეს იქნებოდა სწორი. ამ შემთხვევაში მელია იქნებოდა ცუდი კაცი და კვირიკაშვილი კაი კაცი. ამის ნაცვლად, პრემიერმა დაიწყო გინება, რასაც არ აქვს გამართლება,” – განუცხადა ნეტგაზეთს დავით ზურაბიშვილმა.

20 დეკემბერს თბილისში, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში ინციდენტი მოხდა, მთავრობის ლიდერები ოპოზიციონერი პარლამენტარების კითხვებს პასუხობდნენ. ყველაზე მეტად სიტუაცია ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებთან შეხვედრისას გამწვავდა. ნიკა მელიამ გიორგი კვირიკაშვილს სამარცხვინო უწოდა, ასევე, კორუფციულ გარიგებებში და კრიმინალების მფარველობაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც მთავრობის წევრებმა დარბაზის დატოვება დაიწყეს, გიორგი კვირიკაშვილმა კი ჟურნალისტების თანდასწრებით ნიკა მელიას აგინა. მალევე პრემიერმა ბოდიში მოუხადა საზოგადოებას ზედმეტი ემოციებისთვის და განაცხადა, რომ “რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს, ჯერ ღირსების დაცვა ავალია და მერე ყველაფერი დანარჩენი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი