ახალი ამბები

კვირიკაშვილი: ჩემი ზედმეტი ემოციებისთვის მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო

20 დეკემბერი, 2017 • 9659
კვირიკაშვილი: ჩემი ზედმეტი ემოციებისთვის მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო

პრემიერი კვირიკაშვილი გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიასთან პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც მან დეპუტატს აგინა.

“მანამდე, ვიდრე ჩვენ ვიქნებით დეპუტატები თუ მთავრობის წევრები, თუნდაც პრემიერ-მინისტრი, ჩვენ ყველანი ვართ ადამიანები და ჩვენი ღირსება გაგვაჩნია. საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემი ზედმეტი ემოციებისთვის. მაგრამ, სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა, ყველას არ ეხება, შეძლო, რომ გამოეყვანა პრინციპში მდგომარეობიდან ჩემი თავი და ეს არ იყო კარგი საყურებელი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყოთ, ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია და მერე ყველაფერი დანარჩენი. ყველაფერი, მანამდე რაც ხდებოდა, იყო გამიზნული იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო და მე ამას ვერ დავუშვებდი, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ზედმეტი იყო ეს ემოციები,”- განაცხადა კვირიკაშვილმა.

“შენ ხარ კორუმპირებული და კრიმინალების მფარველი,” – მიაძახა ნიკა მელიამ გიორგი კვირიკაშვილს, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნაციონალური მოძრაობის ლიდერს ჟურნალისტების თანდასწრებით აგინა.

ნიკა მელიამ კიდევ ერთხელ უწოდა პრემიერს სამარცხვინო და გიორგი კვირიკაშვილს მიაძახა: “შე უნამუსო, შენა. ლანძღვა-გინებაზე გადასული პრემიერ-მინისტრი. პარლამენტში ხარ, თუ ქუთაისში ხარ მოზრდილი, შე მართლა…”

ეს ყველაფერი დღეს, 20 დეკემბერს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში მოხდა, სადაც მთავრობის ლიდერები “ნაციონალური მოძრაობის” კითხვებს პასუხობდნენ. საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა სტრუქტურული ცვლილებები, რასთან დაკავშირებითაც პარლამენტში ნდობის გამოცხადების პროცესი მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი