ახალი ამბები

ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაცია სუს-ში – EMC სამთავრობო ცვლილებებს აფასებს

29 ნოემბერი, 2017 • 1926
ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაცია სუს-ში – EMC სამთავრობო ცვლილებებს აფასებს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონტორინგის ცენტრი (EMC) მთავრობის საკანონმდებლო ინციატივაში დაზვერვის სამსახურის სუს-თან შეერთების შესახებ არაერთ პრობლემას ხედავს, მათ შორის, ძალაუფლების ჭარბ კონცენტრაციას სუს-ის ხელში და “ოდეერის” ინსტიტუტის

რეფორმის დაჩქარებულად წარმართვა

EMC აცხადებს, რომ ამ ცვლილებების მომზადების პროცესი დარგის ექსპერტებთან და სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების გარეშე, ნაჩქარევად და მოუმზადებლად წარიმართა.

მათუვე განცხადებით, პრობლემურია მთავრობის მოთხოვნა პარლამენტმა დაჩქარებულად განხილოს ცვლილებები, რომელიც მოცულობითია დაახლოებით 111-მდე კანონპროექტს აერთიანებს.

“კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვა შეუძლებელს გახდის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის გაერთიანებასთან დაკავშირებული რისკების, პრობლემური ნორმებისა და ბუნდოვანი დებულებების სათანადოდ განხილვას და ანალიზს,”- აცხადებს EMC.

ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაცია სუს-ში

EMC-ის განცხადებით, შსს-დან სუს-ის გამოყოფა სწორი ნაბიჯი იყო, თუმცა, უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებული ძალაუფლების და ჭარბი კომპეტენციის მქონე, სრულიად დახურული ორგანოა, რომელიც არ არის დაბალანსებული საპარლამენტო კონტროლის და დემოკრატიული ზედამხედველობის მექანიზმებით.

შესაბამისად, ორგანიზაცია უთითებს, რომ როდესაც სუს-ის ინსტიტუციური მოწყობა, დაუბალანსებელი ფუნქციები და არაეფექტური საპარლამენტო კონტროლი თავისთავად მომეტებული რისკის წყაროს წარმოადგენს, განსაკუთრებით პრობლემურია მისი უფლებამოსილებების კიდევ უფრო გაფართოება.

“გერმანიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში ერთმანეთისგან განცალკევებულია შიდა უსაფრთხოება და საგარეო დაზვერვა, ხოლო ნიდერლანდების სამეფოში ერთ უწყებაშია გაერთიანებული. თუმცა, საყურადღებოა, რომ ნიდერლანდების  სამეფო გამოირჩევა ევროპაში, უსაფრთხოების სამსახურზე ყოვლისმომცველი და ეფექტური საზედამხედველო სისტემით,”- აცხადებს EMC.

ამ ცვლილებებში ორგანიზაცია არათავსებადი ფუნქციების ერთ ორგანოში თავმოყრის საფრთხეს ხედავს:

“მხოლოდ უფლებამოსილებების გაზრდის მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება და უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციის მნიშვნელოვნად გაფართოება, ეფექტური საზედამხედველო მექანიზმების არარსებობის პირობებში, კიდევ უფრო ზრდის არათავსებადი ფუნქციების ერთ ორგანოში თავმოყრის საფრთხეს და ამ სამსახურის მიერ უფლებამოსილებების არამიზნობრივად გამოყენების საფრთხეებს.”

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების უფლებამოსილება

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციას ემატება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით დაკავება და  დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსების უზრუნველყოფა.

სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისა და სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში, სუს-ის გენინსპექციას ენიჭება უფლება მიმართოს სასამართლოს პირისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების თაობაზე. ასევე, სუს-ის გენინსპექციის თანამშრომლებს ადამაინის პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა შეეძლებათ.

EMC მიიჩნევს, რომ სუს-ისთის ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის უფლებამოსილების მინიჭება სრულიად არათავსებადია ამ სამსახურის ბუნებასთან და მისი მანდატის კიდევ უფრო გაფართოებას ემსახურება.

“უსაფრთხოების სამსახურში განცალკევებული დროებითი მოთავსების იზოლატორის არსებობა არაერთ საფრთხეს უკავშირდება, მათ შორის, უფრო მკაცრი რეჟიმი, განსხვავებული უსაფრთხოების წესების მოქმედება, იზოლატორში მოთავსებული პირების დაბალი უფლებადაცვითი გარანტიებით უზრუნველყოფა, უფლებადამცველთან (ადვოკატთან) კომუნიკაციის შეზღუდვა და ა.შ. სწორედ ამ რისკების გამო, უშიშროების სამსახურებისთვის ცალკე იზოლატორის არსებობა ეწინააღმდეგება ამ სფეროში მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებს. შესაბამისად, არსებითად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სამსახურს არ მიენიჭოს ადმინისტრაციული დაკავების უფლება და ასევე ჩამოერთვას დროებითი მოთავსების იზოლატორების ფლობისა და მართვის უფლებამოსილება,”- აცხადებს EMC.

„ოდეერების” ინსტიტუტი

ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, სამსახურის მოსამსახურეს თავის მოვალეობათა შესასრულებლად, სამსახურისადმი კუთვნილების გაუმჟღავნებლად, შეიძლება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში ეკავოს თანამდებობა.  ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებს სუს-ის თანამშრომლის კუთვნილების გამჟღავნებისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

EMC-იც განცხადებაში ვკითხულობთმ რომ ეს აღნიშნული ინიციატივა უკავშირდება 2015 წელს “ოდეერების” მექანიზმთან დაკავშირებით განხორციელებულ რეფორმას, რომლის შედეგადაც შეიზღუდა უსაფრთხოების ოფიცრების სხვადასხვა დაწესებულებაში მივლენის საფუძვლები და მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა ამ სუბიექტების ჩამონათვალი.

“”ოდეერის” ინსტიტუტი უსაფრთხოების სამსახურის ხელში არსებულ პრობლემურ მექანიზმს წარმოადგენს, რომლის გამოყენებითაც შესაძლოა საფრთხე შეექმნას ქვეყნის დემოკრატიულ მმართველობას, უსაფრთხოების სექტორი კი იქცეს სხვადასხვა საოზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების საქმიანობის და განწყობების მაკონტროლებელ ორგანოდ, ისევე როგორც ძალაუფლებაში მყოფი პოლიტიკური რეჟიმის დაცვის ინსტრუმენტად. შესაბამისად, ინიცირებული ცვლილება – მოსამსახურის აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერ სახელისუფლებო ორგანოში, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში მივლინების შესახებ მიუღებელია და 2015 წელს განხორციელებული რეფორმით დადგენილი სტანდარტის მნიშვნელოვან გაუარესებად უნდა შეფასდეს,”- აცხადებს EMC.

კანონპროექტის სხვა ბუნდოვანი დებულებები

მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში, სუს-ის შესახებ კანონს ემატება დებულება, რომლის თანახმადაც, კონტრდაზვერვითი და სადაზვერვო საქმიანობის მიმართულებით, სამსახურის უფლებამოსილებას წარმოადგენს თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი მოსამსახურეების, ოპერატიული ინფორმაციის წყაროების, საინფორმაციო და კავშირგაბმულობის სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ოპერატიული, ოპერატიულ-ტექნიკური და საინჟინრო-ტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსის გამოყენება.

EMC-ისთვის გაუგებარია, თუ რა ოპერატიულ-ტექნიკურ და საინჟინრო-ტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსზეა საუბარი კანონპროექტში:

“კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილების ამ ტექსტს „დაზვერვის სამსახურის  შესახებ“ დღეს ჯერ კიდევ მოქმედი საქართველოს კანონი შეიცავს და შეიძლება ითქვას რომ პირდაპირ ამ კანონის ტექსტიდან ხდება მისი გადმოტანა უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონში. იმ პირობებში, როდესაც უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ფუნქციონირებს, ბუნდოვანია რას გულისხმობს და რა ოპერატიულ, ოპერატიულ-ტექნიკურ და საინჟინრო-ტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსზეა საუბარი აღნიშნულ ცვლილებაში,”- აცხადებს EMC.

მასალების გადაბეჭდვის წესი