ახალი ამბები

ტილერსონი: არ დავუჭერთ მხარს რუსეთის შემაძრწუნებელ ძალადობას დემოკრატიაზე

29 ნოემბერი, 2017 • 2187
ტილერსონი: არ დავუჭერთ მხარს რუსეთის შემაძრწუნებელ ძალადობას დემოკრატიაზე

“რუსეთი მუდმივად მოქმედებდა წინასწარ განზრახული ტაქტიკით აშშ-სა და ევროპის წინააღმდეგ და ცდილობდა, ძირი გამოეთხარა ჩვენი ეკონომიკური წარმატებებისთვის, ცივი ომიდან მოყოლებული”, – ასე შეაფასა მოსკოვის პოლიტიკა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა.

28 ნოემბერს ვაშინგტონში, ვუდრო ვილსონის საერთაშორისო ცენტრში სიტყვით გამოსვლისას ტილერსონმა რუსეთი მეზობლების ანექსიაში, კიბერშეტევებსა და დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და  აღნიშნა, რომ მოსკოვის აქტივობები “არ ჰგავს პასუხისმგებლიანი მეზობლის საქციელს”.

“ჩვენი ტრანსატლანტიკური გაერთიანება მიმართულია იმისკენ, რათა შეახსენოს რუსეთის მთავრობას, რომ ჩვენ არ დავუჭერთ მხარს მის შემაძრწუნებელ ძალადობას დემოკრატიული ნორმების მიმართ”, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა. ამავე კონტექსტში, ტილერსონმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიათა ანექსიას და აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს მოსკოვისთვის სანქციების დაწესებას მის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში ჩართულობის გამო. ყოველივე ამის ფონზე, მან აშშ-სა და რუსეთს შორის გადატვირთვის პოლიტიკის წარმოება ეჭვქვეშ დააყენა.

“მე ვუთხარი რუსეთს: ჩვენი ურთიერთობები ვერასდროს დარეგულირდება, სანამ დღის წესრიგში დგას უკრაინის საკითხი”, – განაცხადა მან.

ტილერსონმა სიტყვით გამოსვლისას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროპაში ნატოს თავდაცვითი ძალები ურყევია. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ნატოს ძალები შეტევის ქვეშ აღმოჩნდებიან, აშშ იქნება პირველი, ვინც აღნიშნულზე რეაგირებას მოახდენს და ევროპა ისეთივე მხარდაჭერას მიიღებს, როგორიც აშშ-მა მიიღო 2001 წლის ტერაქტების დროს. თუმცა, ტილერსონმა კვლავ აღნიშნა, რომ ეთანხმება ტრამპის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ნატოს წევრმა ევროპულმა ქვეყნებმა თავდაცვის სფეროში თავიანთი ძალისხმევა უნდა გაზარდონ.

რექს ტილერსონი შემდეგ კვირას ევროპის ქვეყნებში ვიზიტს გეგმავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი