ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთმა ევროკავშირთან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა

25 ნოემბერი, 2017 • 3281
სომხეთმა ევროკავშირთან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა

24 ნოემბერს ბრიუსელში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის ფარგლებში სომხეთმა ევროკავშირთან ყოველისმომცველ და გაფართოებულ შეთანხმებას ხელი მოაწერა.

“შეთანხმება სომხეთსა და ევროკავშირს შორის გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების კუთხით ჩვენი ურთიერთობების საზღვრებს გააფართოებს”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

მისივე განცხადებით, შეთანხმება ხელს შეუწყობს სომხეთში ბიზნესგარემოს და ინვესტიციების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, დემოკრაციას, ადამიანის უფლებების დაცვას და კანონის უზენაესობას; ასევე, შეთანხმება მხარს უჭერ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას.

აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებას სომხეთის პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში სკეპტიკურად უყურებდნენ. ამის მიზეზი კი სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორის, რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ელიტის განწყობებია. სომხურ საექსპერტო წრეებში გამოთქვამდნენ მოსაზრებას, რომ წინა შეთანხმების მსგავსად, აღნიშნული შეთანხმებაც “ჩავარდებოდა”.  პოლიტილოგების აზრით, სომხეთს დიდი სიფრთხილე უნდა გამოეჩინა იმისთვის, რომ ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე მოსკოვისთვის “გაბრაზების” საბაბი არ მიეცა. არსებობს მოსაზრებაც, რომ NATO-საქართველოს 2017 წლის სექტემბრის წვრთნებში სომხეთმა მონაწილეობაზე უარი სწორედ მოსკოვის ზედმეტი გაღიზიანების თავიდან ასარიდებლად განაცხადა.

2013 წელს, როდესაც სომხეთსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო და შეთანხმებაზე ხელმოწერის მოლოდინი გაჩნდა, სომხეთში აქტიური დებატები დაიწყო იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი საინტეგრაციო პროექტი უნდა აერჩია ქვეყანას: ევროპული თუ ევრაზიული ინტეგრაციის. დღეს სომხეთში, როგორც უკვე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრ ქვეყანაში, მსგავსი დისკუსია აქტიური აღარ არის, რადგანაც გასაგები მიზეზების გამო, სომხეთმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა. თუმცა, მიუხედავად სომხეთის EAEU-ს წევრობისა, ქვეყანა არ გეგმავს ევროპულ კურსზე უარის თქმას. შესაბამისად, როგორ დააბალანსებს ურთიერთობებს სომხეთი, ერთი მხრივ, ევროკავშირთან და, მეორე მხრივ, რუსეთთან და ევრაზიულ კავშირთან, სომხეთის საგარეო პოლიტიკის მთავარ საკითხად რჩება.

24 ნოემებრს ბრიუსელში ვიზიტის დროს სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ სომხეთი წარმატებით უთავსებს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირითან და ევროკავშირთან თანამშრომლობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი