ხულორდავა: მნიშვნელოვანია, ოპერაცია დასრულდეს მოკლე დროში და უმსხვერპლოდ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე კონტრტერორისტულ ოპერაციას ეხმაურება. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ პროცესები მოკლე დროში და, რაც მთავარია, უმსხვერპლოდ დასრულდეს.

“ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაცია, გარდა იმისა, რაც ვრცელდება მედიასაშუალებებით, არ მაქვს. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო და ტრაგიკულია ის, რაც ხდება. ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება არის დაცული. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, მაცხოვრებლები ევაკუირებული არიან ტერიტორიიდან. მე იმედი მაქვს, რომ ეს ოპერაცია მალე დასრულდება და, რაც მთავარია, უმსხვერპლოდ. ტერორიზმი არის უდიდესი გამოწვევა მთლიანად თანამედროვე მსოფლიოსთვის. ამიტომ, ამ საკითხის ირგვლივ ძალების გაერთიანება, საერთაშორისო თანამეგობრობის ერთად დგომა და აქტიურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ მხრივ საქართველოს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება თანამშრომლობისა მის ყველა პარტნიორთან”, – აღნიშნა ხულორდავამ.

სპეცოპერაცია თბილისში 21 ნოემბერს, 20:00-სთვის დაიწყო, სროლები და აფეთქებები კი გამთენიისას, 05:00 საათის შემდეგ გაისმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაჭრილია ერთი სპეცრაზმელი, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ასევე, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი.

ცოტა ხნის წინ ადგილზე კვლავ ისმოდა სროლის ხმა, რომელიც რამდენიმე წუთში შეწყდა. მანამდე კი სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ერთ-ერთი კორპუსის საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ცეცხლი ჩანს, რომლის ლიკვიდაციაც საგანგებო სიტუაციების სააგენტოს თანამშრომლებმა უკვე მოახერხეს. სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ ბინაში იმყოფება ორი პირი, რომელთა აყვანას სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ცდილობენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან