ახალი ამბები

კანდიდატის სტატუსი პირობითობით – რას ელიან „ოცნების“ ყოფილი დეპუტატები

30 მაისი, 2022 • 1276
კანდიდატის სტატუსი პირობითობით – რას ელიან „ოცნების“ ყოფილი დეპუტატები

პარლამენტის ყოფილი წევრის, ირინა ფრუიძის აზრით, საქართველოს ამოცანა უნდა იყოს, მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ხოლო პირობითობა ჩაიდოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებისთვის.

ფრუიძის თქმით, კანდიდატის სტატუსსა და კანდიდატობის პერსპექტივას (პოტენციური კანდიდატობა) შორის ძალიან დიდი სხვაობაა და არასწორი იქნება მათიწარმოჩენა ერთნაირ მიღწევად.

„მე მსმენია მოსაზრება, რომ საქართველო ცუდად იქცევა და ამიტომ არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამ ეტაპზე კანდიდატის სტატუსის პერსპექტივა, გარკვეული პირობითობის გათვალისწინებით, იქნება საუკეთესო მიღწევა… პირობითობა შეიძლება არსებობდეს კანდიდატის სტატუსსა და მოლაპარაკების დაწყებას შორის. ესეც არის გარკვეული მექანიზმი, რომელიც ევროკავშირმა ბალკანეთის ზოგიერთი ქვეყნის მიმართ გამოიყენა.

მე ვფიქრობ, საქართველოსთვის დღეს ამოცანა უნდა იყოს არა კანდიდატის სტატუსის პერსპექტივის მიღება, – ასეთი ისტორიული მომენტი კიდევ როდის დაგვიდგება, არ ვიცით, – არამედ კანდიდატის სტატუსის მიღება იმ პირობითობით, რომ მოლაპარაკება დაიწყოს მას შემდეგ, რაც საქართველო გარკვეულ პირობებს შეასრულებს“, — განაცხადა ფრუიძემ კონფერენციაზე „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“.

ფრუიძის აზრით, ზემოაღნიშნული მიზნით უნდა იმუშაოს საზოგადოების ყველა ფენამ, ოპოზიციამ და პირველ რიგში, ხელისუფლებამ.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებით გადაწყვეტილებას ელის ევროინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ხულორდავაც, თუმცა, გარკვეული პირობების დათქმით.

„მჯერა, რომ საქართველოსთვის დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ეს გადაწყვეტილება შეიძლება სხვადასხვა ფორმით იყოს მიღებული. ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება ევროკომისიის დადებითი დასკვნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომელზეც ვერც ვიოცნებებდით რამდენიმე წლის წინ, მაშინაც კი, როდესაც დემოკრატიული მაჩვენებლები საქართველოში ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იყო. ჩემი აზრით, რამდენიმე წელია, ჩვენ წინ გარკვეული ხარვეზებით მივდივართ“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ხულორდავამ.

მისი თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი ძალიან მძიმე [უკრაინაში ომის] ფასად გაჩნდა, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, ეს ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვათ.

„ბევრს ჰგონია, რომ ჩვენი საქმე დასრულდა კითხვარის შევსებით. ეს ასე არ არის. მე იმედი მაქვს, რომ გარკვეული მუშაობა იმის მიღმაც აქტიურად მიმდინარეობს, რაც საჯაროდ ჩანს. ამ ვითარებაში პოლიტიკური შესაძლებელობების მაქსიმალურად გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. ხელისუფლებას, ოპოზიციას, საზოგადოებას მართებს კონსოლიდაცია. ამ შანსის ხელიდან გაშვების შემთხვევაში ძალიან ბევრი წლით უკან აღმოვჩნდებით იმ განვითარების ციკლში, რომელსაც შევუდექით დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ“, — ამბობს ხულორდავა.

მისი თქმით, ევროკავშირის მხრიდან მისაღებია პოლიტიკური გადაწყვეტილება და მნიშვნელოვანია ტრიოს ქვეყნებისთვის ერთნაირი სტატუსის მინიჭება.

„ევროკავშირისთვისაც არ უნდა იყოს მისაღები საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის დაყოფა. ეს ძალიან დიდ რისკებს შეიცავს, მათ შორის, საქართველოში პროევროპული განწყობებისთვის. არ მინდა ვიფიქრო, იმდენად ხელშესახებია, თუ რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესში საქართველოს უკან დატოვებას. მე მაინც ველოდები დადებით გადაწყვეტილებას გარკვეული პირობების დათქმით და პირობების მიღებისთანავე უნდა დავიწყოთ მათზე მუშაობა. ჩემი აზრით, პირობები მიღებამდე და კითხვარის შევსებამდე უნდა დაგვეწყო, მაგრამ მას შემდეგ მაინც სრული კონსოლიდაცია იქნება საჭირო, რომ შემდეგი ეტაპები არ გამოვტოვოთ“, — ამბობს ხულორდავა.

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უახლოეს პერიოდში ელიან ევროკომისიის შეფასებას ამ ქვეყნების გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით. ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ, წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და ადგენს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს.

ევროპული საბჭოს მიერ ქვეყნისთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭების შემდეგ, საბჭოს გადაწყვეტილებით, რომლის მიღებაც შესაძლოა წლები გაგრძელდეს, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იწყება მოლაპარაკებების პროცესი, რომელსაც ასევე შეიძლება მრავალი წელი დასჭირდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი