ახალი ამბები

ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების მინისტრის პოსტს ტოვებს

13 ნოემბერი, 2017 • 6856
ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების მინისტრის პოსტს ტოვებს

პრემიერ კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტს ტოვებს ალექსანდრე ჯეჯელავა. ჯეჯელავას მინისტრის პოსტზე თსუ-ს პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი შეცვლის.

ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების მინისტრის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებს. 2017 წლიდან იყო ვიცეპრემიერი და მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლტიკას წარმართავდა.

ჯეჯელავას უკავშირდება რამდენიმე ინიციატივა საჯარო სკოლებში: მისი მინისტრობის დროს დაიწყეს საჯარო სკოლებში ვაშლების შეტანა. ასევე, გამოვიდა ინიციატივით, რომ გადამზადდეს საჯარო სკოლის ფიზკულტურის მასწავლებლები, რათა “მსუქანი და ნელა მორბენალი ბავშები ფიზიკურ აქტივობაში ჩართულიყვნენ”.

იგი კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა “აუდიტორია 115”-ის წევრების მიმართ, რომელბმაც 2016 წლის ნოემბერში თსუ-ს მეექვსე კორპუსის პიკეტი მოაწყვეს.

ჯეჯელავამ რეპერების დაკავებაზე განაცხადა, რომ მათი კლიპი, სადაც გაშარჟებული იყო პოლიცია,  სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო.

ვიცეპრემიერი ასევე სკეპტიკურად მოეკიდა იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან ბაქოში გაიტაცეს. ასევე ამტკიცებდა, რომ იგი არა ჟურნალისტი, არამედ რადიო თავისუფლების დაცვის სამსახურის უფროსი იყო, რაც სიმართლე არაა და მცდარი ინფორმაციის გავრცელების გამო ბოდიში მოიხადა.

ჯეჯელავა იყო მთავრობის სპიკერი სამთავრობო ინიციატივის თაობაზე, რომლითაც უნდა შეიქმნას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელსაც ჯეჯელავას თქმით, მედია უნდა დაეცვა  საფრთხეებისგან. ა, ინიციატივას კრიტიკა მოჰყვა მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.

მინისტრობის დროს, ჯეჯელავამ ასევე უარი თქვა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის საჯარო ინფორმაცია მიეწოდებინა სამინისტროს ხარჯების ოპტიმიზაციის თაობაზე და განაცხადა, რომ ამას მაშინ გააკეთებდა, როცა საჭიროდ ჩათვლიდა.

“არა მგონია, პრობლემები შეუქმნას დემირელის სკოლის ფუნქციონირებას მმართველის დაკავებამ”, – განაცხადა ჯეჯელავამ მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავების კომენტირებისას. მოგვაინებით, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, დემირელის სკოლაც დაიხურა.

ჯეჯელავა ასევე გამოირჩეოდა ქართული ზღაპრების განსხვავებული ანალიზით, იგი ამბობდა, რომ შესაცვლელია ქართული ზღაპრები და მულტფილმები.

2010 წლიდან 2016 წლამდე იგი მართვის აკადემიის მენეჯერი და მთავარი ტრენერი იყო.  ასევე მუშაობდა ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტში, კავკასიის ბიზნეს სკოლაში, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლაში, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი