ახალი ამბები

ჯეჯელავა რეპერებზე: პოლიციისადმი უპატივცემულობა სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ნაბიჯია

10 ივნისი, 2017 • 4505
ჯეჯელავა რეპერებზე: პოლიციისადმი უპატივცემულობა სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ  ნაბიჯია

ვიცეპრემიერისა და განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას შეფასებით, პროექტ “ბირჟა მაფიის” ბოლო კლიპი, სადაც პოლიციელია გაშარჟებული, სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მინისტრი არასერიოზულს უწოდებს მოსაზრებას, რომ რეპერები, მიშკა მგალობლიშვილი (Young MIC) და გიორგი ქებურია (Kay – G) რეალურად ამ მიზეზით დააკავეს.

“ამ ხალხმა თუ დაარღვია კანონი, ამ შემთხვევაში მათ პასუხი უნდა აგონ. მეორე მხრივ, რომ ისინი დააკავეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ კლიპში რაც გამოხატეს, საშინელებაა, ჩემი აზრით. იმასაც ვიტყვი, რომ ასეთი უპატივცემულობა სამართალდამცველების მიმართ არის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა ამისთვის მათ პასუხს ვერ აგებინებენ და საუბარი იმაზე, რომ კანონი დავარღვიე, მაგრამ სხვა მიზეზით მაგებინეს პასუხი, მოკლედ, მე მგონი, არასერიოზულია”,- განაცხადა ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

2017 წლის 9 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით დააკავა მუსიკალური ჯგუფის, „ბირჟა მაფიის“ რეპერები. შსს-ს ცნობით, „სამართალდამცველებმა მიშკა მგალობლიშვილის პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გიორგი ქებურიას პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს. სამინისტროს მიერვე გავრცელებბულ ინფორმაციაში საუბარი იყო იმის შესახებაც, რომ გიორგი ქებურია ჩადენილ დანაშაულს აღიარებდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).“ თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინვე აღმკვეთი ღონისძიების სახით ორივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.

ოჯახის წევრებმა აღნიშნულ ფაქტი თავიდანვე დაუკავშირეს რეპერების მიერ ცოტა ხნის წინ გადაღებულ და ინტერნეტით გავრცელებულ მუსიკალურ კლიპს, სადაც პოლიციელის ფორმაში ჩაცმული პერსონაჟი ჩანს; ერთ მონაკვეთში კი მას ძაღლის საყელური უკეთია.

მასალების გადაბეჭდვის წესი