ახალი ამბები

ჯეჯელავა: გუშინ არასწორი ინფორმაცია მქონდა, აფგან მუხთარლი ნამდვილად ჟურნალისტია

1 ივნისი, 2017 • 4788
ჯეჯელავა: გუშინ არასწორი ინფორმაცია მქონდა, აფგან მუხთარლი ნამდვილად ჟურნალისტია

“დაზუსტდა, რომ  აფგან მუხთარლი ნამდვილად ჟურნალისტი იყო, გუშინ არასწორი ინფორმაცია მქონდა,” – ეს განცხადება ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს, 1 ივნისს გააკეთა.

ვიცეპრემიერის განცხადებით, აგფან მუხთარლი ჟურნალისტიც იყო და უსაფრთხოების სამსახურის უფროსიც:

“ამავე დროს, ეს ადამიანი “რადიო თავისუფლებაში” იყო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, თუმცა ჟურნალისტური გამოძიებების ავტორიც არის და, შესაბამისად, ორივე როლი ჰქონდა. მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ ძალოვანი ან სხვა უწყების თანამშრომლობას. ნებისმიერი ჟურნალისტის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტი არის აბსოლუტურად მიუღებელი,” – აღნიშნა ჯეჯელავამ.

31 მაისს საქართველოს ვიცეპრემიერმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ თბილისში “გაუჩინარებული” და შემდეგ ბაქოში პატიმრობაში აღმოჩენილი აფგან მუხთარლი, შესაძლოა, ჟურნალისტი არც არის და არსებობს ინფორმაცია, რომ “რადიო თავისუფლების” დაცვის სამსახურის თანამშრომელია.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს.

აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით კი, “აფგან მუხთარლი 29 მაისს, 22:40 წუთზე, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან უკანონოდ გადაკვეთა აზერბაიჯანის ტერიტორია. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ჰადიჯა ისმაილი ავრცელებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, იმის ალბათობა, რომ საქართველოს საზღვრის რომელიმე წერტილი ადამიანმა მესაზღვრის ნებართვის გარეშე გადაკვეთოს, დაბალია, მაგრამ არსებობს. ამის შესახებ მინისტრმა დღეს, 1 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი