დემირელი სკოლა

დემირელის სკოლა დახურეს

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, დემირელის სკოლამ ავტორიზცია ვერ გაიარა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ ეს გადაწყვეტილება გუშინ, 29 აგვისტოს მიიღო. ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი ოქმი 10 დღის ვადაში გამოქვეყნდება.

როგორც ცენტრში განაცხადეს, სკოლას გაუვიდა ავტორიზაციის 5-წლიანი ვადა და ამიტომაც თავიდან ჰქონდა განაცხადი შემოტანილი ავტორიზაციაზე. ავტორიზაციის საბჭომ ეს განაცხადი არ დააკმაყოფილა. მათივე ცნობით, სკოლას შეუძლია ეს გადაწყვეტილება სააპელაციო საბჭოში გაასაჩივროს.

ცენტრში ასევე აცხადებენ, რომ ავტორიზაციის საბჭო დამოუკიდებელია, მის წევრებს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და საბჭოზე ცენტრს არანაირი გავლენა არ აქვს.

განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ დემირელის კოლეჯის უკვე ყოფილ მოსწავლეებს და მასწავლებლებს სკოლების მოძებნაში დაეხმარებიან:

“დემირელის კოლეჯს ჰქონდა დარღვევები, თუმცა, ამავდროულად ჰყავდა ძალიან კარგი მოსწავლეები და კომპეტენტური მასწავლებლები და ჩვენ ყველა პირობას შევქმნით რომ მათი სხვა სკოლებში გადანაწილების პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად უმტკივნეულოდ. რამდენიმე კერძო სკოლასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, მათ უკვე გამოთქვეს მზაობა, რომ მიიღონ დემირელის სკოლიდან მოსწავლეები და მასწავლებლები და გადაწყვეტილების შესახებ უმოკლეს ვადაში გეცნობებათ,”- განაცხადეს განათლების სამინისტროში.

უკვე მეოთხე თვეა, რაც წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი, რომელიც საქართველოში თურქეთის მოთხოვნით დააკავეს. ჩაბუქი 2017 წლის მაისში დააკავეს და მიზეზი,  როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, არის თურქეთის მხარის ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაბუქი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს.

2017 წლის დასაწყისში ბათუმში ავტორიზაცია შეუჩერდა დემირელის პარტნიორ სკოლა-ლიცეუმს, რომელსაც საზოგადოება შაჰინის სკოლის სახელით იცნობს. ამ ფაქტს წინ უძღოდა ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ სკოლა ფეტულა გიულენის მიმდევრებს ეკუთვნით.

შაჰინის სკოლის დახურვის შემდეგ, 2017 წლის თებერვალში გერმანიის მოქალაქე ჯიჰარ აქინს, რომელიც დემირელის სკოლის 60%-ს ფლობს, საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკან, გერმანიაში გააბრუნეს.

მას შემდეგ, რაც შაჰინის სკოლა დაიხურა, დემირელის კოლეჯის დირექტორი, ნინო კავთიაშვილი იმედოვნებდა, რომ სხვა პარტნიორი სკოლები იმავე ბედს არ გაიზიარებდნენ. მისივე განცხადებით, 2017 წლის დასაწყისიდან ფინანსური პოლიცია სკოლის დოკუმენტაციას სწავლობდა, დაკითხვაზე იბარებდნენ მასწავლებლებს, რაც მათთვის ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესი იყო.

“შეიძლება ითქვას, ყოველდღიურად ველოდით, რომ კიდევ რაიმე ახალი სიურპრიზი დაგვხდებოდა, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ და მოვედით ბოლომდე. ეს წელი ერთ-ერთი წარმატებული იყო დემირელის კოლეჯის ისტორიაში,”- განაცხადა ნინო კავთიაშვილმა 2017 წლის ივნისში.

დემირელის სკოლა, ისევე როგორც პარტნიორი სკოლები და მათი მასწავლებლები, ღიად გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ მუსტაფა ჩაბუქი მხოლოდ მასწავლებელია, 15 წელია საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა და არანაირი კავშირი ტერორიზმთან არ აქვს. მათ ხელმოწერებიც შეაგროვეს მუსტაფა ჩაბუქის გათავისუფლების მოთხოვნით.

განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯლავამ 2017 წლის მაისში განაცხადა, რომ დემირელის სკოლის მმართველის, მუსტაფა ჩაბუქის დაკავება სკოლის ფუნქციონირებას პრობლემას არ შეუქმნიდა.

2017 წლის თებერვალში მუსტაფა ჩაბუქმა დემირელის კოლეჯის მფლობელების (იუსიფ ალთაში, მოქალაეობა – თურქეთი, ფლობს წილის 20%-ს, იაშარ შიმშექი, თურქეთი- 20%, ჯიჰარ აქინი, გერმანია- 60%) მინდობილობით საჯარო რეესტრს ორჯერ მიმართა განცხადებით, რომლის მიხედვითაც, დემირელის კოლეჯის წილები ამერიკულ კომპანიაზე უნდა გადარეგისტრირებულიყო, თუმცა რეესტრმა ეს მოთხვნა არც ერთხელ დაუკმაყოფილა. ჩაბუქის განცხადების მიხედვითვე, დემირელის კოლეჯს უნდა შეცვლოდა სახელი და დარქმეოდა “ქართულ – ამერიკულ სკოლა მეტროპოლიტენი”.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი