ახალი ამბები

სადავო ოქმის ჩათვლით, ოზურგეთში დამოუკიდებელმა კანდიდატმა 79 ხმით გაიმარჯვა

13 ნოემბერი, 2017 • 9424
სადავო ოქმის ჩათვლით, ოზურგეთში დამოუკიდებელმა კანდიდატმა 79 ხმით გაიმარჯვა

ოზურგეთში, ყველა უბნის დათვლის შედეგად, დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ 79 ხმით გაიმარჯვა.

გადამწყვეტი გამოდგა ნასაკირალში მდებარე N59 საარჩევნო უბნის მონაცემები, სადაც ოპოზიციონერმა კანდიდატმა სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელი 114 ხმით დაამარცხა. მანამდე, 62-დან 61 უბნის შედეგებით, სახელისუფლებო კანდიდატი, ბეგლარ სიორიძე 35 ხმით უსწრებდა კონსტანტინე შარაშენიძეს.

ნასაკირალის საარჩევნო უბნის ოქმს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია თავის ვებ-გვერდზე ამ დრომდე არ აქვეყნებს. დაძაბული ვითარება თვითონ ნასაკირალშიც, რადგან ხელისუფლება ამ საარჩევნო უბნის გაუქმებას ითხოვს. ნასაკირალის 59-ე საარჩევნო უბნის ოქმი, რომელიც ოზურგეთში არჩევნების ბედს წყვეტს, ნეტგაზეთმა თავად მოიპოვა.

ოზურგეთი – 62 უბნის (ყველა) შედეგები:

  • ბეგლარ სიორიძე, ქართული ოცნება – 17 227 ხმა.
  • კონსტანტინე შარაშენიძე, დამოუკიდებელი კანდიდატი – 17 306 ხმა.

ოზურგეთში მთელი დღის განმავლობასი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა არჩევნები. ოპოზიციონერი კანდიდატის მხარდაჭერებმა გამართეს აქცია, ლოზუნგით – “არა გაყალბებას!”

მოგვიანებით, “ქართულმა ოცნებამ” ნასაკირალის საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმება მოითხოვა, რომელმაც ოზურგეთში არჩევნების ბედი გადაწყვიტა. სახელისუფლებო შტაბში საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ამ უბანზე უცნობი პირები შეიჭრნენ, რის გამოც შედეგები უნდა გაბათილდეს.

ნასაკირალის 59-ე საარჩევნო უბნის ოქმი, რომელმაც ოზურგეთში არჩევნების ბედი დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ გადაწყვიტა

[blue_box]ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ყველა საარჩევნო უბნის დათვლის შედეგად, დანარჩენ 5 მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს.[/blue_box]

ქუთაისი – 124-დან დათვლილია 123+1 საარჩევნო უბნი:

  • გრიგოლ ვაშაძე, ნაციონალური მოძრაობა – 12.45%
  • გიორგი ჭიღვარია, ქართული ოცნება – 87.55%

ყაზბეგი – 10-დან დათვლილია 10-ვე საარჩევნო უბანი:

  • სანდრო ყამარაული, დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო – 31.35%
  • ალექსანდრე ზაგაშვილი, ქართული ოცნება – 68.65%

ხაშური – 52-დან დათვლილია 52-ვე საარჩევნო უბანი:

  • გიორგი გურასპაშვილი, ქართული ოცნება – 61.31%
  • რამაზ ნოზაძე, დამოუკიდებელი კანდიდატი – 38.69%

ბორჯომი – 30-დან დათვლილია 30-ვე საარჩევნო უბანი:

  • ზაზა ჩაჩანიძე, პატრიოტთა ალიანსი – 44.78%
  • ლევან ლიპარტია, ქართული ოცნება – 55.22%

მარტვილი – 39-დან დათვლილია 39-ვე საარჩევნო უბანი:

  • მამუკა დანელია, ნაციონალური მოძრაობა – 6.96%
  • ალექსანდრე გრიგალავა, ქართული ოცნება – 94.04%

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდა, ხოლო დღეს ზემოთხსენებულ 6 მუნიციპალიტეტში მეორე ტური გაიმართა – ამომრჩევლები მხოლოდ ერთ ბიულეტენში ააკეთებდნენ არჩევანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი