18%-ის არჩეული მერი– რატომ არ იაქტიურა ამომრჩეველმა ქუთაისში

27 427 ამომრჩევლის ხმა, ეს არის ლეგიტიმაციის ის მაქსიმუმი, რაც ქუთაისისი მომავალ მერს, გიორგი ჭიღვარიას  შეიძლება ჰქონდეს. ქალაქში სადაც 152 546 ამომრჩეველია რეგისტრეირებული, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მხოლოდ 27 427 ამომრჩეველმა მიიღო (17.98%).

ქუთაისის ერთადერთი თვითმმართველი ქალაქია, სადაც არჩევნების მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო. ვერც პარტია“ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ და ვერც“ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პირველ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო ხმების რაოდენობის მიღება ვერ შეძლეს.

პირველ ტურში კანდიდატთა ხმები ასე განაწილდა: 

გიორგი ჭიღვარია (ქართული ოცნება) 14084 ხმა 48.66%
გრიგოლ ვაშაძე (ენმ) 25350 ხმა 27.04%

დღეს, „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ჭიღვარია დამაჯერებელ გამარჯვებას ჰპირდებოდა ამომრჩეველს, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისია მთელი დღის მანძილზე აცხადებდა, რომ ამომრჩევლის ყველაზე დაბალი აქტივობა ქუთაისში იყო.

„ნეტგაზეთი“ მთელი დღის მანძილზე არაერთ უბანზე იმყოფებოდა. 12 საათის მონაცემებით, არცერთ საარჩევნო უბანზე სადაც ვიყავით ამომრჩევლის რაოდენობა 100–ს არ აჭარბებდა, მაშინ როცა უმეტეს შემთხვევაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო უბანზე 1000 ამომრჩეველზე მეტი იყო. საბოლოოდ, კი სადაც ხმის დათვლის პროცესს დავაკვირდით, 916 ამომრჩევლიდან, არჩევნებში მონაწილეობა 218 ამომრჩეველმა მიიღო, აქედან 188 ხმა გიორგი ჭიღვარიამ, 23 ხმა კი გრიგოლ ვაშაძემ მიიღო. 7 ბიულეტინი ბათილად იქნა ჩათვლილი.

ქუთაისის 59–ე ოლქის მე–40 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე ედიშერ კვირიკაძე ამბობს, რომ არც პირველ ტურში ყოფილა განსაკუთრებულად მაღალი აქტივობა, თუმცა მეორე ტურში მაჩვენებელი განახევრებულია:

„პირველ ტურზეც არ იყო ძალიან დიდი აქტივობა, 1500 კაციდან  500–ზე ცოტა მეტი ამომრჩეველი მოვიდა, ახლა იმის ნახევარი“– ამბობს ის.

მოქალაქეების ნაწილი, ვისაც „ნეტგაზეთი“ ესაუბრა, ამბობს, რომ ამომრჩეველთა დაბალ აქტივობას „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებამაც შეუწყო ხელი, რომლის თანახმადაც, პარტიამ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა, თუმცა საარჩევნო კანონმდებლომის თანახმად, გრიგოლ ვაშაძე ბიულეტინში მაინც ეწერა.

„მეორე ტურში კი არა, რეალურად პირველ ტურშიც არ ყოფილა დიდი აქტივობა. ხალხს იმედი აღარ აქვს და ფიქრობენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა ხმას მისცემენ თუ არა ვინმეს. ზოგს იმიტომ არ უნდა მოსვლა, რომ რეალურად არ იცის, რომ მეორე კანდიდატი, რომელმაც მოხსნა კანდიდატურა, რეალურად მაინც მონაწილეობს არჩევნებში“– ამბობს იურისტი ზვიად გაჩეჩილაძე.

მისივე თქმით, ქალაქი ზოგადად დაცარიელებულია. ახალგაზრდების ნაწილი თბილისში, ხოლო მოსახლეობის ნაწილი საზღვარგარეთ ცხოვრობს და მუშაობს:

„ოფიციალურ სტატისტიკას არ ვიცნობ, მაგრამ ქალაქი რეალურად დაცარიელებულია, ძალიან ცოტა მაცხოვრებელი ჰყავს. მთელი სტუდენტების მასა, ვინც თბილისში აბარებს და იქ სწავლობს, მათი ხმა იკარგება, ისევე როგორც ჩემი ხმა იკარგებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში, თბილისში როცა ვსწავლობდი. მეორე, საზღვარგარეთაა გახიკული ნახევარი ქუთაისი, თუ ნახევარი არა, 20% მაინც და შესაბამისად ეს ხმები არის დაკარგული ხმები და ეს აქტივობაზეც აისახება“,– გვეუბნება ზვიადი.

ვახტანგ ჯავახაძეს მონაწილეობა, არათუ არჩევნების მეორე ტურში, ასევე არჩევნების პირველ ტურშიც არ მიუღია. ის  ამბობს, რომ ქუთაისის მოსახლეობა იმედგაცრუებულია.

„იმედგაცრუება გამოწვეულია ეკონომიური გაჭირვებით, გამოწვეულია არჩევნებში მონაწილე პირების ტყუილების კორიანტელით, რომელიც არცერთი არ სრულდება, ამის გამო არ მინდა, რომ მათი სტატისტი ვიყო მაგათი. ყველაზე დაბალი აქტივობა, რეალურად ამბობს, რომ ქუთაისში ყველაზე მეტი სამოქალაქო აქტივობაა, რადგან უაზრობაა მაგათ ტაკიმასხარობაში მონაწილეობის მიღება და თავს არიდებს ამ მასკარადში მონაწილეობას“.

ვახტანგ ჯავახაძის თქმითვე, ქალაქის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ნეპოტიზმი, რომელიც ყველა მიმართულებით ვლინდება:

„ საერთოდ ადამიანი თავისი პოტენციის მიხედვით ვერ პოულობს ადგილს, ამ ავადსახსენებელი ნეპოტიზმის გამო. რვაფეხასავითაა ყველგანმოდებული. ანალოგიურადაა პოლიტიკაში. პოლიტიკაში ჩვენთან მიდიან ფულის საკეთებლად და არა იმისთვის, რომ ხალხს და სახელმწიფოს ემსახურონ“,– ამბობს ის.

ვახტანგ ჯავახაძის მსგავსად არც პირველ და არც მეორე ტურში არ მიუღია მონაწილეობა თინა დვალს.

„აზრი არ აქვს, მორჩა. მოწყინდა ხალხს. წინასწარ ქეიფობდნენ არჩევნებში გამარჯვებას ხმები დაუთვლელი იყო. რა აზრი აქვს? ჩემი ბინაში, მაგალითად,100 ოჯახია, დიდი დიდი წასულიყო 30 ადამიანი, მეტი არა. ხალხი არის სერიოზულად,ასე ვთქვათ,იმედგაცრუებული“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com