ახალი ამბები

ქუთაისში დააკავეს აქტივისტი, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე შესვლა სურდა

22 აპრილი, 2024 • 1131
ქუთაისში დააკავეს აქტივისტი, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე შესვლა სურდა

ქუთაისში დააკავეს აქტივისტი მიშიკო მუმლაძე, რომელიც ჰომოფობიური ხასიათის საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვაზე შესვლას ცდილობდა.

სახალხო დამცველის აპარატში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მუმლაძე ჯერ პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ, ახლა კი სასამართლოში გადაჰყავთ. უცნობია დაკავების მოტივი.

შსს-ში ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.

„ქართულ ოცნებას“ აქვს საყოველთაო-სახალხო შეხვედრა ხალხთან მესხიშვილის თეატრში და არ მიშვებენ შიგნით. არადა არასრულწლოვანებს და ოჯახის ღირებულებებს ეხება. ოჯახიც მყავს და 300 მოსწავლე კიდევ. მამუკა მდინარაძე, უთხარი შემომიშვან“, — დაწერა მუმლაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ 11:16 საათზე.

პოსტის გამოქვეყნებიდან მალევე მუმლაძესთან კონტაქტი გაწყდა და მისი ადგილსამყოფელი ადვოკატებისთვის უცნობი იყო.

„ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში დარეგისტრირებულია ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო, ჰომოფობიური ხასიათის კონსტიტუციური კანონი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტ 8 პუნქტისგან შედგება და ითვალისწინებს მთელ რიგ შეზღუდვებს, მათ შორის კრძალავს იმგვარ შეკრებას, ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელებას, რომელიც „ერთნაირსქესიანი ოჯახური ურთიერთობის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული“.

„ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭირო (113 ხმა) არ აქვს. მიუხედავად ამისა, დაიწყო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა და მომდევნო დღეებში შეხვედრებს გეგმავს ამბროლაურში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდსა და მესტიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი