ახალი ამბები

გახსნიდან 12 წლის შემდეგ ქუთაისიდან აეროპორტამდე ავტობუსი დაინიშნა

28 მარტი, 2024 • 659
გახსნიდან 12 წლის შემდეგ ქუთაისიდან აეროპორტამდე ავტობუსი დაინიშნა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გახსნიდან 12 წლის შემდეგ ქალაქის ცენტრიდან აეროპორტამდე პირველად დაინიშნა ავტობუსი, რომელიც მგზავრებს მოემსახურება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 3 ერთეული ავტობუსი აეროპორტის მგზავრებს ქუთაისის ცენტრიდან დღეიდან, 28 მარტიდან მოემსახურება.  მგზავრობის ღირებულება ხუთი ლარი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტი 12 წლის წინ გაიხსნა, ქუთაისიდან აეროპორტამდე მოხვედრა ამ დრომდე მხოლოდ ტაქსით, კერძო ავტომობილით, ან დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტით იყო შესაძლებელი, მაგალითად, ქუთაისი-სამტრედიის მიკროავტობუსით.

Isuzi Novociti life-ის მოდელის სამი, რვამეტრიანი ავტობუსი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 2024 წლის თებერვალში „ჯი-თი გრუპისგან“ შეიძინა და ჯამში, 1 398 000 ლარი გადაიხადა. ავტობუსი თურქეთშია წარმოებული. ზუსტად ამ მოდელის ავტობუსები ემსახურება თბილისის მოსახლეობას მცირე მანძილებზე.

ავტობუსი მგზავრებს ქუთაისიდან, DMO იმერეთის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან, რუსთაველის 9 ა-დან წაიყვანს და იმავე მისამართზე წამოიყვანს აეროპორტიდანაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი