მდინარაძე: სამთავრობო ცვლილებებზე პრემიერი განცხადებას ხვალ გააკეთებს

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი განცხადებას ხვალ გააკეთებს. თავად მდინარაძე აღნიშნულის კომენტირებისაგან თავს იკავებს.

“მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ამ წუთებშიც მიმდინარეობს მსჯელობა. გარკვეული დეტალები ზუსტდება და ხვალ პრემიერ-მინისტრი გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას.
…პარტიის ხელმძღვანელობასთან არის კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით. კონკრეტულ დეტალებზე საუბარი მე არ შემიძლია”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მდინარაძის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა სოფო მოსიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ხვალისთვის ცვლილებებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადების გაკეთება არ იგეგმებოდა. ინფორმაციას შესაძლო ცვლილებების შესახებ არც სხვა უწყებების პრესსამსახურებში ადასტურებდნენ.

“შეგახსენებთ, რომ გუშინდელი დღიდან მოყოლებული ზოგიერთი მედიასაშაულება იუწყება მოსალოდნელი სამთავრობო  ცვლილებების შესახებ. თავდაპირველად, 11 ნოემბერს გაზეთმა “პრაიმ ტაიმმა” გამოაქვეყნა მასალა, რომლის მიხედვით მომავალ კვირას პოსტს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დატოვებს. გუშინვე On.ge-მ, წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ უქმდება 4 სამინისტრო, კერძოდ:

  1. გაუქმებული ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციებს შეითავსებს ეკონომიკის სამინისტრო;
  2. გაუქმებული სპორტის სამინისტროს ფუნქციები დაემატება კულტურისა და განათლების სამინისტროებს;
  3. გაუქმებული გარემოს დაცვის სამინისტროების ფუნქციებს გადაინაწილებენ ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები;
  4. სასჯელაღსრულების სამინისტრო მიუერთდება იუსტიციის სამინისტროს.

დღეს პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, ასევე, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, რომ პრემიერი სამთავრობო ცვლილებებზე განცხადებას ხვალ, 13 ნოემბერს გააკეთებს. მათივე ცნობით, 18-ის ნაცვლად 13 სამინისტრო დარჩება, ანუ პირველი არხის ცნობით, ზემოთ ჩამოთვლილი 4 სამინისტროს გარდა უქმდება ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი და მის ფუნქციებს შეითავსებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მინისტრების თანამდებობები, პირველი არხის ცნობით, ასე გადანაწილდება: გიორგი მღებრიშვილის გადაყენების შემდეგ შს მინისტრის პოსტს ამჟამინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს; ეკონომიკის მინისტრის – ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან