საზოგადოება

პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის I მოსმენით განხილვა დაიწყო

16 აპრილი, 2024 • 325
პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის I მოსმენით განხილვა დაიწყო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის განხილვა დაიწყო.

რუსულ კანონს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე წარადგენს.

მანამდე, დღეს, 16 აპრილს, პლენარულ სხდომაზე მოუსმინეს რუსული კანონის ალტერნატიულ კანონპროექტსაც, რომელიც პარტიამ „საქართველოსთვის“ წარადგინა. თუმცა პარლამენტში უმრავლესობამ მხარი რუსული კანონის განხილვის გაგრძელებას დაუჭირა.

შესაბამისად, ამ წუთებში რუსული კანონის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, დღეს პლენარული სხდომა საღამოს 9 საათამდე გაგრძელდება. თუმცა რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება დღესვე ვერ მოესწროს და მისი განხილვა განხილვა ხვალაც გაგრძელდეს.

პარალელურად, პარლამენტის უკან რუსული კანონის გასაპროტესტებლად 12 საათიდან მიმდინარეობს აქცია, რომელიც საღამოს 7 საათზე რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებს.

აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც გუშინ, დღესაც, პარლამენტში შესვლის უფლება არ აქვთ რადიოს, ონლაინ და ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს. პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ამის მიზეზად უსაფრთხოებას ასახელებს და არგუმენტად თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებას იშველიებენ, რომლის შესაბამისად, შენობაში გამოცხადებულია ე.წ. უსაფრთხოების ყვითელი დონე. ეს ნიშნავს, რომ ვიზიტორებს პარლამენტში შესვლა ეზღუდებათ. თუმცა პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ვერ ასაბუთებს, რა საფრთხე შეიძლება შექმნან აკრედიტებულმა ჟურნალისტებმა.


მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი