ახალი ამბები

მთავრობის წევრების პრესსამსახურების პასუხები მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე

12 ნოემბერი, 2017 • 3111
მთავრობის წევრების პრესსამსახურების პასუხები მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე

პრემიერის პრესსამსახურის უფროსი სოფო მოსიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ, 13 ნოემბერს არ გეგმავს რაიმე განცხადების გაკეთებას სამთავრობო ცვლილებებზე.

“ნეტგაზეთი” ყველა იმ სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც მედიაში ორი დღის მანძილზე გავრცელებული ცნობით, ცვლილები უნდა განხორციელდეს.

პირველ რიგში, საუბარია შს მინისტრის პოსტიდან გიორგი მღებრიშვილის შესაძლო გადაყენებაზე. უწყების პრესსამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ ჩვენს ზარებს და სმს-ს შეტყობინებას არ უპასუხა. პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნინო ცხადაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ინფორმაციას გადაამოწმებს და დაგვიკავშირდება, თუმცა ამ დრომე (15:25 საათი) არ დაგვკავშირებია.

მედიის ცნობით, მღებრიშვილი ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ უნდა შეცვალო. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა დავით ღონღაძემ გვითხრა, რომ მანაც ის იცის, რაც მედიაში ვრცელდება და ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვის.

ეკონომიკის მინისტრად ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრის – დიმიტრი ქუმსიშვილის შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებისას, ამ უწყების პრესსამსახურის წარმომადგენელმა თამთა ასლანიშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა:

“ამ ეტაპისათვის არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ, ასე რომ ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. ამჟამად დიმიტრი ქუმსიშვილი ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებს. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია ამ დროისთვის”.

ეკონომიკის სამინისტროსთან ენერგეტიკის და გარემოს დაცვის სამინისტროს ნაწილობრივ მიერთებაზე ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს:

“ბევრმა სააგენტომ დაწერა ამის შესახებ, თუმცა დაველოდოთ პრემიერის განცხადებას. არ მინდა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება, დაველოდოთ სხვა ინფორმაციებს”.

“ნეტგაზეთეთი” შეეცადა იმ  ცნობის გადამოწმებასაც, რომლის მიხედვითაც ფინანსთა მინისტრის პოსტს საქართველოს რკინიგზის ამჟამინდელი გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე დაიკავებს. საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია აღნიშნულზე ინფორმაციას არ ფლობს:

“გენერალური დირექტორი მუშაობს ჩვეულებრივად და პირველად მესმის თქვენგან ეგეთი ინფორმაცია, არ ვადასტურებ არაფერს”

მედიის მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც შესაძლოა, ალექსანდრე ჯეჯელავამ მინისტრთა კაბინეტი დატოვოს, განათლების სამინისტროს პრესსამსახური არ ადასტურებს და აცხადებს, რომ მინისტრი თანამდებობაზე ამ დრომდე რჩება.

სააგენტოების მიერ გავრცელებული კიდევ ერთი ინფორმაციის თანამხმად, სპორტისა და კულტურის გაერთიანებულ სამინისტროს კულტურის ამჟამინდელი მინისტრი, მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროში ამბობენ, რომ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ.

“მიჭირს პასუხის გაცემა, რადგან დაზუსტებით ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია ამის შესახებ. თუ დღის ბოლომდე დამიდასტურეს ან უარყვეს, აუცილებლად დაგიკავშირდებით. როგორც ვიცი, ამის შესახებ გაკეთდება ოფიციალური განცხადება არა სამინისტროში, არამედ მთავრობის მხრიდან, რადგან თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ეს იქნება მთავრობის მხრიდან. ალბათ მათ განცხადებას უნდა დაველოდოთ, დასტურს ან უარყოფას”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა თამთა ბატიაშვილმა.

რაც შეეხება სპორტის სამინისტროს, უწყება კომენტარის გაკეთებას ხვალამდე არ აპირებს.

ერთადერთი უწყება, სადაც ცვლილებას ბოლომდე გამორიცხავენ, გარემოს დაცვის სამინისტროა, სადაც ამბობენ, რომ იმ პირობებში, როცა გარემოს დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, სამინისტროს გაერთიანებაზე საუბარი ვერ იქნება. უწყების პრესსამსახურის ცნობით, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

“ჩემთვის არაფერი არ არის ცნობილი ამის შესახებ. პირიქით, 2012 წელს მთავრობის პირორიტეტი იყო გარემოს დაცვა. თქვენ გახსოვთ, მანადე გარემოს დაცვა იყო ნაწილებად გაყოფილი, ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროს შორის. 2012 წელს მას დაუბრუნდა ფუნქციები და ვფიქრობ, მის გაძლიერებაზე უფრო უნდა იყოს საუბარი, ვიდრე გაუქმებაზე. მინისტრი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საზღვარგარეთაა, თუმცა თანამდებობაზეა, რა თქმა უნდა”, – გვითხრა გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ეკა ბენდელიანმა.

სასჯელაღსრულების და იუსტიციის სამინისტროების შესაძლო გაერთიანების შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს არც ერთ ამ სამინისტროს პრესსამსახურში არ დაუდასტურეს.

“ნეტგაზეთმა” შესაძლო საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთანაც სცადა. ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გვითხრა, რომ კომენტარს ვერ გააკეთებს, რის მიზეზადაც თათბირი დაგვისახელა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე კი ამბობს, რომ არაფერს ადასტურებს, თუმცა თუ ცვლილებები განხორციელდა, ის მათ მხარდ დაუჭერს.

ამაზე ვერაფერს დავადასტურებ, იმიტომ, რომ სამთავრობო ცვლილებებს ჩვენ ვაფასებთ იმის შემდეგ, რაც პრემიერი კონკრეტულ ოფიციალურ განცხადებებს გააკეთებს. მე მაინც მგონია, რომ ჯობია დაველოდოთ პრემიერის მხრიდან ოფიციალურ დაანონსებას. წინასწარ არანაირ პრეტენზიას არ წავაყენებ, მე მხარს ვუჭერ გიორგი კვირიკაშვილს, როგორც ჩვენი მთავრობის ლიდერს და თუ მის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები სამთავრობო გუნდში იქნება ეფექტური აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერ ამ ცვლილებებს,” – აღნიშნა ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ერთადერთი ოფიციალური პირი, რომელმაც სამთავრობო ცვლილებების პროექტზე მთავრობის მიერ მუშაობა დაადასტურა ვიცე პრემიერი მიხეილ ჯანელიძეა, მან ამის შესახებ ტელეკომპანია იმედს განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი დღიდან მოყოლებული ზოგიერთი მედიასაშაულება იუწყება მოსალოდნელი სამთავრობო  ცვლილებების შესახებ. თავდაპირველად, 11 ნოემბერს გაზეთმა “პრაიმ ტაიმმა” გამოაქვეყნა მასალა, რომლის მიხედვით მომავალ კვირას პოსტს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დატოვებს. გუშინვე On.ge-მ, წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ უქმდება 4 სამინისტრო, კერძოდ:

  1. გაუქმებული ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციებს შეითავსებს ეკონომიკის სამინისტრო;
  2. გაუქმებული სპორტის სამინისტროს ფუნქციები დაემატება კულტურისა და განათლების სამინისტროებს;
  3. გაუქმებული გარემოს დაცვის სამინისტროების ფუნქციებს გადაინაწილებენ ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები;
  4. სასჯელაღსრულების სამინისტრო მიუერთდება იუსტიციის სამინისტროს.

დღეს პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, ასევე, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, რომ პრემიერი სამთავრობო ცვლილებებზე განცხადებას ხვალ, 13 ნოემბერს გააკეთებს. მათივე ცნობით, 18-ის ნაცვლად 13 სამინისტრო დარჩება, ანუ პირველი არხის ცნობით, ზემოთ ჩამოთვლილი 4 სამინისტროს გარდა უქმდება ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი და მის ფუნქციებს შეითავსებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მინისტრების თანამდებობები, პირველი არხის ცნობით, ასე გადანაწილდება: გიორგი მღებრიშვილის გადაყენების შემდეგ შს მინისტრის პოსტს ამჟამინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს; ეკონომიკის მინისტრის – ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი