მოძრაობა „ხმა“ „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში საპროტესტო აქციას მართავს.
აქციის მთავარი მოთხოვნა საპენსიო სესხების ჩამოწერა და ე.წ. საპენსიო ოვერდრაფტის [წინსწრებად, მაღალი პროცენტით თანხის გამოტანა, რომელსაც თანხის დარიცხვისას ბანკი იბრუნებს] გაუქმებაა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
აქციასთან დაკავშირებით ნეტგაზეთს მოძრაობის წარმომადგენელი, გიორგი ქართველიშვილი ესაუბრა.
„ამ ზამთარში დავიწყეთ შესწავლა საპენსიო სესხების საკითხის და აღმოჩნდა, რომ სხვადასხვანაირი მექანიზმით – იქნება ეს ინფორმაციის არასწორად მიწოდება, არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდება, მარკეტინგი თუ სხვა ასი ათასობით პენსიონერს აქვს მოტყუებით ან ნახევრად-მოტყუებით აღებული საპენსიო სესხი „ლიბერთი ბანკში“,“ – ამბობს ქართველიშვილი.
მისი თქმით, 2019 წლის დანერგილი ცვლილებით ათასობით პენსიონერს ასევე დაერიცხა ე.წ. ოვერდრაფტი, რის შესახებაც ბევრმა არ იცის.
„ხმა“ ითხოვს, რომ 2019 წლიდან დღემდე გაცემული საპენსიო სესხები და „ოვერდრაფტები“ გაუქმდეს.
„ჩვენი მოკვლევის დროს, დაახლოებით 100-მდე ხელშეკრულება გვაქვს, თუმცა, ზოგადად საუბარია ასობით ათას პენსიონერზე.
ნაწილს აქვს „ოვერდრაფტი“, ნაწილს ძალიან მაღალპროცენტიანი სესხი. აქ მთავარია ის, რომ ეს სესხებია გაცემულია, ფაქტობრივად მოტყუებით. შეიძლება ვთქვათ, რომ გაცემულია მოტყუებით. ინფორმაციით არასწორად მიწოდებით ან არმიწოდებით, არის შემთხვევებიც კი, როდესაც პენსიონერებს ხელი არ აქვთ მოწერილი ხელშეკრულებაზე,“ – დასძენს ის.
რაც შეეხება გეგმას, ქართველიშვილი ამბობს, რომ მოძრაობა კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობას დაგეგმავს, მათ შორის, არ არის გამორიცხული არც სასამართლო დავა.
საპენსიო სესხი საქართველოში სტანდარტულთან შედარებით პენსიონერებისთვის უფრო მაღალ პროცენტში გაიცემა. შარშან მთავრობამ საპენსიო გასაცემლებით უზრუნველყოფილი სესხის მაქსიმალური ზღვარი 26% -ზე დააწესა.
მანამდე პენსიით აღებული სესხში პენსიონერები 30 პროცენტზე მეტსაც იხდიდნენ. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ „ლიბერთი ბანკი“ საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისას სათანადოდ არ ითვალისწინებს სოციალური სესხების მომხმარებელთა განსხვავებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც ამ პირებს გაუმართლებლად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.
წაიკითხეთ ასევე: