ახალი ამბები

ცესკო: ქუთაისში, უბნებზე “პრეს-მედიის” წარმომადგენლები ყალბი აკრედიტაციით მივიდნენ

21 ოქტომბერი, 2017 • 1763
ცესკო: ქუთაისში, უბნებზე “პრეს-მედიის” წარმომადგენლები ყალბი აკრედიტაციით მივიდნენ

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის რამდენიმე უბანზე ორგანიზაცია „პრეს- მედიის“ სახელით  ათამდე  წარმომადგენელი მივიდა, რომელთა აკრედიტაციის მოწმობები არ არის ოფიციალურად გაცემული – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

„ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ორგანიზაცია „პრესს მედიის“ სახელით ათამდე  წარმომადგენელი. აღსანიშნავია, რომ მათი აკრედიტაციის მოწმობები არ არის ოფიციალურად გაცემული, რაც სავარაუდოდ ნიშნავს, რომ ეს მოწმობები გაყალბებულია. მოვუწოდებთ არჩევნებში მონაწილე ყველა მხარეს, რომ თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან და ასეთი ფაქტების დაფიქსირების შემთხევაში იქნება შესაბამისი რეაგირება“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცესკოს ცნობით, აღნიშნული პირები არ დაუშვეს საარჩევნო უბნებზე.

ნეტგაზეთმა გუშინ გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით “საარჩევნოდ შექმნილი 2 მედიასაშუალება – 3000-ზე მეტი დამკვირვებლით და პარტიებთან კავშირებით”, რომელშიც საუბარია “პრეს-მედიაზეც”.

“პრეს-მედია” 2017 წლის 1 სექტემბერს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. ამ კომპანიამ ცესკოში 1459 წარმომადგენელზე მიიღო ჟურნალისტებისთვის კუთვნილი აკრედიტაცია. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი გვანცა ბერიაშვილია. ბერიაშვილის დედა ზიზი სესიტაშვილი წინა, 2016 წლის არჩევნებზე ცესკოში “თავისუფალი ზონის” დამკვირვებლად იყო რეგისტრირებული, რომლის ხელმძღვანელი თავის მხრივ ენმ-ის წარმომადგენელი კობა ხაბაზია.

გვანცა ბერიაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბარში უარყო რაიმე ტიპის კავშირი ოპოზიციურ პარტიებთან.

“მე თვითონ ჟურნალისტიკის სტუდენტი და მომავალი ჟურნალისტი ვარ. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება არჩევნებით და ქვეყანაში განვითარებული მოვლენებით ვარ დაინტერესებული. დიდი სურვილი მქონდა, მაქსიმალურად ჩართული ვყოფილიყავი, დავკირვებოდი და გამეშუქებინა საარჩევნო პროცესის თუნდაც მცირედი დეტალები. მიკერძოებული არ ვარ და არც ვიქნები არასდროს. დედას რაც შეეხება, ახლა ვიგებ თქვენგან ამ ინფორმაციას. ნამდვილად არ ვიცი, რა აქტივობები ჰქონდა, მაგრამ თავისუფალი ზონასთან, ეჭვი მეპარება, საერთოდ რაიმე შეხება ჰქონოდა”, – უთხრა ნეტგაზეთს ბერიაშვილმა.

მანვე დაგვიდასტურა, რომ მედიასაშაულება – ვებვერდი, გაზეთი, ჟურნალი, ტელევიზია, რადიო ან ფეისბუკ-გვერდი არ გააჩნია.

როგორ შეარჩია 1459 წარმომადგენელი 1.5 თვის წინ შექმნილმა ორგანიზაციამ? – ამ კითხვაზე გვანცა ბერიაშვილმა ასე გვიპასუხა:

“შერჩევას რაც შეეხება, საქართველოში, მოგეხსენებათ, ძალიან მალე ვრცელდება ყველაფერი- ნაცნობები, მეგობრები, ახლობლები, მათი ნაცნობები და ასე შემდეგ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი