ახალი ამბები

დალის ხეობაში წითელი ნუსხით დაცული დასავლეთკავკასიური ჯიხვი მოკლეს

20 ოქტომბერი, 2017 • 16819
დალის ხეობაში წითელი ნუსხით დაცული დასავლეთკავკასიური ჯიხვი მოკლეს

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტარ ემზარ კვიციანის და, ნორა კვიციანი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც მონადირეს მოკლული ჰყავს წითელი ნუსხით დაცული დასავლეთკავკასიური ჯიხვი. ნორა კვიციანის ინფორმაციით, ჯიხვი დალის ხეობაში “ცნობილმა მონადირემ” 19 ოქტომბერს მოკლა.

“ხაბჯირ მეთხვარ!” – ასე აღწერს ნორა კვიციანი უნიკალური სახეობის ჯიხვის მკვლელობის ამსახველ ფოტოს, რაც სვანურად ცნობილ მონადირეს ნიშნავს.

უნიკალური სახოების ცხოველის მოკვლის შესახებ ინფორმაციას უკვე ფლობს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური. როგორც სამინისტროში განგვიცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე უკვე დაიწყო მოკვლევა. დაჯარიმდება თუ არა მონადირე, ამის შესახებ მოგვიანებით გვაცნობებენ გარემოსდაცვითი დეპარტამენტიდან.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მარტში ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეკარში გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითმა ზედამხედველობის დეპარტამენტმა წითელ ნუსხაში შეყვანილი არჩვის მოკვლისთვის მონადირეს და მის თანხმლებ პირს თოფები ჩამოართვა და 30 000 ლარით დააჯარიმა, ხოლო შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულის გამო საქმის მასალები შსს-ს გაუგზავნა.

საქართველოს წითელი ნუსხის სახეობებიდან ნაკრძალის ტყეებში გვხვდება: კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus), მურა დათვი (Ursus arctos), დასავლეთკავკასიური ჯიხვი (Capra caucasica) და არჩვი (Rupicapra rupicapra). ნაკრძალი ისეთი იშვიათი და საინტერესო ფრინველების საბუდარია, როგორებიცაა მთის არწივი (Aquila chrysaetus) და კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi). საქართველოს კანონმდებლობით, ყველა ამ სახეობაზე ნადორობა აკრძალულია.

დალის ხეობაში მოკლული ჯიხვი. ფოტო: ნორა კვიციანი

დალის ხეობაში მოკლული ჯიხვი. ფოტო: ნორა კვიციანი

მასალების გადაბეჭდვის წესი