საზოგადოება

ბაღდათში ძაღლს, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით თავის ქალა დაუზიანეს – დაწყებულია გამოძიება

25 დეკემბერი, 2023 • 2768
ბაღდათში ძაღლს, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით თავის ქალა დაუზიანეს – დაწყებულია გამოძიება

გუშინ, 24 დეკემბერს, ბაღდათში მოქალაქეებმა იპოვეს ძაღლი, რომელსაც, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით თავის ქალა დაუზიანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას.

თავდაპირველად, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძაღლს მოზარდებმა პირში საახალწლო ასაფეთქებელი აუფეთქეს. თუმცა, როგორც ვეტერინარულ სამედიცინო ცენტს ვეტ-მედიში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, ცხოველს დაზიანება, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

“სავარაუდოდ, ვიღაცამ იფიქრა, რომ პირში აუფეთქეს რაღაც იმიტომ, რომ პირიდან და ცხვირიდან სისხლდენა ჰქონდა, მაგრამ ეს არის ტყუილი. ბლაგვი საგანი აქვს თავში ჩარტყმული და აქედან გამომდინარე აქვს ტრავმა. თავის ქალის მთლიანობა აქვს დარღვეული. ასაფეთქებლით სხვანაირი დაზიანებები ექნებოდა, თავის ქალა არ ექნებოდა გატეხილი”, – განმარტავენ მეტ-მედიში.

ვეტერინარების შეფასებით, ძაღლი სტაბილურად მძიმე მდგონარეობაშია: “გაუარესება არ გვაქვს, არც უკეთესობა არ გვაქვს”, – ამბობენ ვეტ-მედიში. ვეტერინარები ფიქრობენ, რომ ძაღლს თავის ქალის ოპერაცია სჭირდება. ისინი ამ ეტაპზე ნეიროქირურგებს ელოდებიან, რათა მათ შეაფასონ ძაღლის მდგომარეობა და დაგეგმონ, რა სახის ჩარევაა საჭირო.

ძაღლისთვის შესაბამისი სამედიცინო პროცედურების ხარჯების დასაფარად თანხას სოციალური ქსელში აგროვებდნენ, თუმცა ვეტ-მედიში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ამ ეტაპზე დამატებითი ფინანსური რესურსი აღარ სჭირდებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი