ახალი ამბები

ბაღდათში მძიმედ დაშავებულ ძაღლს ოპერაცია ჩაუტარდა

25 დეკემბერი, 2023 • 1750
ბაღდათში მძიმედ დაშავებულ ძაღლს ოპერაცია ჩაუტარდა

“გაუძლო! ამოღებულია თავის ტვინიდან ჰემატომა, თავის ქალის ძვლები დალეწილი იყო. თავის ტვინი დეკომპრესირებულია. ახლა მთავარია, ორგანიზმმა პოსტოპერაციულ მკურნალობას გაუძლოს”, – დაწერა სოციალურ ქსელში მიშა კაჭკაჭიშვილმა, ცხოველთა უფლებების დამცველმა, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო სასტიკი ძალადობის მსხვერპლი ძაღლის პატრონობა.

“ვეტერინარულ სამედიცინო ცენტრ ვეტ-მედში”, სადაც მძიმედ დაშავებულ ძაღლს ოპერაცია ჩაუტარდა, ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ოპერაცია საათსა და 25 წუთს გაგრძელდა.

ოპერაციაში კონსულტანტების სახით ჩართულნი იყვნენ ნეიროქირურგები, რომლებიც ადამიანებთან მუშაობენ.

“ჯერჯერობით დაზუსტებით არაფრის თქმა შეგვიძლია, ველოდებით. ტვინი ფუნქციონირებს. ჰემატომები მთლიანად მოშორებულია, ტვინი გათავისუფლებულია, აღარაა კომპრესია [შეკუმშვა, გაჭყლეტა, გასრესა – სინდრომი, რომელიც ვითარდება ქალაშიდა პათოლოგიური პროცესების – ახალწარმონაქმნების, ანთებითი პროცესების, სისხლჩაქცევების, ასევე ქალა-ტვინის ტრავმების დროს, ხშირად ქალას ძვლების მოტეხილობებისა და ქალაშიდა ჰემატომების დროს]”, – გვითხრეს ვეტ-მედში.

გუშინ, 24 დეკემბერს, ბაღდათში მოქალაქეებმა იპოვეს ძაღლი, რომელსაც, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით თავის ქალა დაუზიანეს.

თავდაპირველად, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძაღლს მოზარდებმა პირში საახალწლო ასაფეთქებელი აუფეთქეს. თუმცა, როგორც ვეტერინარულ სამედიცინო ცენტს ვეტ-მედში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, ცხოველს დაზიანება, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. უცნობია, დაზუსტებით ვინ და რა ასაკის ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული.

“თავის ძალიან მძიმე ტრავმაა აქვს, ფილტვების შეშუპება აქვს დაწყებული, კისტის ან პნევმატიკური ტყვია ტანში”, – წერდა მიშა კაჭკაჭიშვილი.

“სავარაუდოდ, ვიღაცამ იფიქრა, რომ პირში აუფეთქეს რაღაც იმიტომ, რომ პირიდან და ცხვირიდან სისხლდენა ჰქონდა, მაგრამ ეს არის ტყუილი. ბლაგვი საგანი აქვს თავში ჩარტყმული და აქედან გამომდინარე აქვს ტრავმა. თავის ქალის მთლიანობა აქვს დარღვეული. ასაფეთქებლით სხვანაირი დაზიანებები ექნებოდა, თავის ქალა არ ექნებოდა გატეხილი”, – განმარტავენ ვეტ-მედში.

მას შემდეგ, რაც ძაღლმა ღამე გადაიტანა, რთული ოპერაციისთვის მზადება 25 დეკემბერს დილიდან დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი