ალიევი და სარგსიანი კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის შემცირებაზე შეთანხმდნენ

ჟენევაში სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, სერჟ სარგსიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრის დროს მხარეები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის შემცირებისა და მოლაპარაკებათა გააქტიურებისთვის ნაბიჯების გადადგმაზე შეთანხმდნენ.

სერჟ სარგსიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრის ორგანიზატორი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები იყვნენ. შეხვედრას პრეზიდენტებთან ერთად ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრიც, ედვარდ ნალბანდიანი და ელმარ მამედიაროვი, ესწრებოდა, ასევე, ეუთოს თავმჯდომარის წარმომადგენელი ანჯეი კასპრშიკი.

ოფიციალური ცნობით, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები შეთახმდნენ, რომ მოლაპარაკებათა პროცესის გააქტიურებისთვის და კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის შესამცირებლად დამატებით ზომებს მიიღებენ.

ორივე ქვეყნის პრეზიდენტები ბოლოს ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის შეხვდნენ. საუბრის მთავარი თემა ასევე მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტი იყო.

კონფლიქტებზე მომუშავე ორგანიაზციამ, “საერთაშორისო კრიზისულმა ჯგუფმა” (ICG) 2017 წლის 1 ივნისს გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც წერს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ამჟამად ყველაზე ახლოს არიან სრულმასშტაბიან ომთან, ვიდრე ოდესმე 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებები მას შემდეგ გააქტიურდა, როდესაც 2016 წლის 2 აპრილის ღამეს კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანის კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. მალევე ბაქომ განაცხადა, რომ კონტრშეტევითი ოპერაციის დროს აზერბაიჯანმა ყარაბაღის რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავა და პოზიციების გამაგრებას ცდილობს.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

ილჰამ ალიევი, სერჟ სარგსიანი; ფოტო: vestnikavkaza

ილჰამ ალიევი, სერჟ სარგსიანი; ფოტო: vestnikavkaza

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი