გია გორგოშაძის მძევლად ჩაგდების მომზადებისთვის 4 ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

დღეს, 13 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გია გორგოშაძის მძევლად ხელში ჩაგდების მომზადებაში ბრალდებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები გეგმავდნენ მაღაზიათა ქსელ „გორგიას“ დამფუძნებლის, გია გორგოშაძის მძევლად ხელში ჩაგდებას:

“ამისთვის იქირავეს მის მეზობლად ბინა, სადაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ადგენდნენ დანაშაულის ჩადენის გეგმას და განიხილავდნენ მოქმედების სხვადასხვა ვარიანტებს, მისგან რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის გამოძალვის მიზნით. აღნიშნულის განსახორციელებლად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, ელექტროშოკი, შესანიღბად ,,პარიკი“ და სხვა ნივთები, რაც ამოღებულია გამოძიების მიერ. მას შემდეგ, რაც შექმნილი ჰქონდათ ყველა პირობა დანაშაულის განხორციელებისთვის, ბრალდებულები გ.გ., დ.ფ., რ.მ. და ვ.ვ დაკავებულ იქნენ სამართალდამცავების მიერ, რითაც აღკვეთილ იქნა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.”

სასამართლოს ცნობით, დაკავებულებს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს ცხრიდან თოთხმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

შსს-მ ბიზნესმენ გია გორგოშაძის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გამოძალვის მომზადების ბრალდებით თბილისში 4 ადამიანი 12 ოქტომბერს დააკავა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.