ახალი ამბები

თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გამოძალვის მომზადების ბრალდებით 4 ადამიანი დააკავეს

12 ოქტომბერი, 2017 • 1592
თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გამოძალვის მომზადების ბრალდებით 4 ადამიანი დააკავეს

შსს-მ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გამოძალვის მომზადების ბრალდებით თბილისში 4 ადამიანი დააკავა.

დ. ფ., ვ. ვ., გ. დ. და რ. მ. კრიმინალური პოლიციისა და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის მიზნით მოქალაქე გ. გ-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა განიზრახეს. განზრახვის აღსრულების მიზნით, მათ დაზარალებულის საცხოვრებელ კორპუსში ბინა წინასწარ დაიქირავეს, საიდანაც მას აკვირდებოდნენ და მისი გადაადგილების მარშრუტს სწავლობდნენ.

პოლიციის ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სამოქმედო სქემაც წინასწარ ჰქონდათ შემუშავებული. სამართალდამცველებმა ბრალდებულები დანაშაულის მომზადების პროცესში დააკავეს.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა, ნიღბები, მობილური ტელეფონები, წებოვანი ლენტები, ხელბორკილები, ელექტროშოკი და ე.წ. პარიკი.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის მომზადების ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 18-143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და 18-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით).

მასალების გადაბეჭდვის წესი