თალაკვაძე: პრეზიდენტის ვეტო დაიძლევა, საქართველოს ახალი კონსტიტუცია ექნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ დღეს, 13 ოქტომბერს, საპატლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს და საქართველოს ახალი კონსტიტუცია იქნება.

ეს განცხადება თალაკვაძემ პარლამენტში პლენარული სხდომის დაწყების წინ, 13 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

მან ასევე განმარტა, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევენ, რადგან მარგველაშვილმა შეთანხმებულ საკითხებს სხვა საკითხებიც დაამატა:

“ჩვენ საქართველოს პრეზიდენტთან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, სადაც განვიხილეთ ორი საკითხი, რომელიც ვენეციის კომისიასთან იყო შეთანხმებული. ამ ორ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ, საპარლამენტო უმრავლესობას, საქართველოს პრეზიდენტს და ვენეციის კომისიას გვქონდა და გვაქვს ერთიანი პოზიცია. სამწუხაროდ, ვერც პრეზიდენტმა ვერ მოახერხა ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმება, მათი დათანხმება ამ საკითხების, მხოლოდ ამ ორი საკითხის შეტანაზე საკონსტიტუციო ვეტოში… სწორედ ამიტომ, ჩვენ უკვე გუნდში გვქონდა კონსულტაციები და მზად გვაქვს დღევანდელი სხდომისთვის ჩვენი პოზიცია და გადაწყვეტილება – ვეტო დაიძლევა, საქართველოს უკვე ექნება ახალი კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს და თითოეულ მოქალაქეს ეს კონსტიტუცია ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგება,”- განაცხადა თალაკვაძემ.


პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით 26 სექტემბერს დაამტკიცა, ვეტო რამდენიმე დღის წინ დაადო. გიორგი მარგველაშვილის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დღეს პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს გაუგზავნის. პრეზიდენტის თქმით, მოტივირებული შენიშვნები 6 პუნქტს მოიცავს.

მათგან 4-ზე ქართულ ოცნებას გაცხადებული აქვს პოზიცია, რომ პროექტში ცვლილებებს შეიტანს. დარჩენილი 2 პუნქტი კი პრეზიდენტმა ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. მათ შორისაა პროპორციული საარჩევნო სისტემის  2020 წლის არჩევნებზე ამოქმედება და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი