ახალი ამბები

აბორტის უფლება საფრანგეთში კონსტიტუციით გაამყარეს

5 მარტი, 2024 • 932
აბორტის უფლება საფრანგეთში კონსტიტუციით გაამყარეს

780 ხმით 72-ის წინააღმდეგ – საფრანგეთის პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა, რომლითაც ქალებს მისცა “გარანტირებული თავისუფლება” აბორტზე. ამით საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც აბორტის უფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული.

ცვლილების მოწინააღმდეგეების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, ამ გადაწყვეტილებას საფრანგეთის პარლამენტში ოვაციებით შეხვდნენ.

BBC-ს ცნობით, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გადაწყვეტილებას “საფრანგეთის სიამაყე” უწოდა.

აბორტი საფრანგეთში 1975 წლიდან ლეგალურია. ამის მიუხედავად, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, გაბრიელ ატალი თვლიდა, რომ აბორტის უფლება “საფრთხის ქვეშ” იყო.

“ჩვენ ვუგზავნით მესიჯს ყველა ქალს – შენი სხეული შენ გეკუთვნის და არავის შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება შენ ნაცვლად”, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა კენჭისყრის დაწყებამდე.

დისკუსიები აბორტის უფლებაზე საფრანგეთში მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური გარანტია გააუქმა. 2022 წლიდან აშშ-ში შტატებს უფლება აქვთ, ინდივიდუალურად განსაზღვრონ აბორტის კანონმდებლობა – შეზღუდონ ან საერთოდ აკრძალონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი