ახალი ამბები

ჩემი აზრი მექნება, მაგრამ ომბუდსმენი საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების რევიზიას ვერ გააკეთებს – იოსელიანი

17 ოქტომბერი, 2023 • 967
ჩემი აზრი მექნება, მაგრამ ომბუდსმენი საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების რევიზიას ვერ გააკეთებს – იოსელიანი

სახალხო დამცელი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ომბუდსმენი ვერ გააკეთებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების რევიზიას.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს, 17 ოქტომბერს, განუცხადა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების რევიზიას სახალხო დამცველი ვერ გააკეთებს, თუმცა გავეცნობი განსხვავებულ აზრსაც და გადაწყვეტილების დასაბუთებასაც. რა თქმა უნდა, ჩემი აზრი მექნება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ის, რომ ჩვენ, როგორ სახალხო დამცველის ინსტიტუციამ, მოვახდინოთ ამ გადაწყვეტილების შეფასება ან მისი რევიზია, ასეთი რამე შეუძლებელია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.


საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში 16 ოქტომბერს გამოცხადდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს სასამართლოს დასკვნას, რომლითაც პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო, მხარი საკონსტიტუციოს 9 მოსამართლიდან 6-მა დაუჭირა. მოსამართლეები, რომლებმაც განსხვავებული  მოსაზრება დააფიქსირეს, არიან: ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში.

პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მიმართეს. მათ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა აქვთ წამოწყებული. თავად პრეზიდენტის პოზიციაა, რომ უცხოეთში ვიზიტებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში მხარდაჭერის მოსაპოვებლად მართავს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ახლა პროცესები პარლამენტში უნდა გაგრძელდეს. იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, სადაც ამისათვის 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. “ქართულ ოცნებას” და მის მოკავშირეებს ამ ეტაპზე 100 მანდატი არ აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი