ენმ-ის აქცია მერიასთან 02.10.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

შარტავას ქუჩაზე ენმ-ის აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავეს

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ენმ-ის მიერ ორგანიზებული აქციის კიდევ ორი მონაწილე დააკავეს. მანამდე აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ აქციაზე პარტიის 3 მხარდამჭერი დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დროისთვის მხოლოდ 3 პირის დაკავებას ადასტურებენ.

დაკავებების შემდეგ, თბილისის მერიის მიმდებარედ, შარტავას ქუჩაზე პოლიციამ საავტომობილო გზა გახსნა. აქციის მსვლელობისას დააკავეს აქციის რამდნეიმე მონაწილე. ჯერჯერობით პარტიის წევრებმაც არ იციან, გააგრძელებენ თუ არა პროტესტს ამჯერად უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

პოლიციის დიდი ნაწილიც ჯერ კიდევ მერიის წინ არის მობილიზებული, თუმცა კორდონები მათაც მოხსნეს. ამ დროისთვის გზის ორივე სავალი ნაწილი გახსნილია და ავტომობილებს გადაადგილება შარტავას ქუჩაზე ყველა მხრიდან შეუძლიათ.

თბილისის მერიასთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” (ენმ) აქცია მიმდინარეობდა. პარტიის წარმომადგენლები, პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, კორდონის გარღვევას და შენობაში შესვლას ცდილობენ. აქციის მონაწილეებს შარტავას ქუჩა ნაწლობრივ გადაკეტილი ჰქონდათ.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი მერიის მაღალჩინოსნებისგან მოითხოვენ, შეხვდნენ ენმ-ის წარმომადგენლებს და უპასუხონ მათ კითხვებს საკრებულოს 29 სექტემბრის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, თავისუფლების მოედანზე, პანორამა თბილისის მიმდებარედ, მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად 1946 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეუცვალეს, რათა იქ მშენებელობა შესაძლებლი გახდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი