ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსის” საპროტესტო აქცია რუსეთში გამგზავრების წინ [ფოტო]

1 ოქტომბერი, 2017 • 4786
“პატრიოტთა ალიანსის” საპროტესტო აქცია რუსეთში გამგზავრების წინ [ფოტო]
დღეს, 1 ოქტომბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, “პატრიოტთა ალიანსის” აქცია-მსვლელობა გაიმართა. მონაწილეთა მთავარი მოთხვონა, სოციალური ფონის გაუმჯობესება, მთავრობის მიერ “საარჩევნო და საკონსტიტუციო უზურპაციის” შეწყვეტა და მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა იყო.

დღესვე, პატრიოტთა ალიანსის სამი წევრი, ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე მოსკოვში მიფრინავენ და რუსეთის დუმის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აპირებენ. 2016 წლის ოქტომბრიდან ეს საპარლამენტო ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” მეორე ვიზიტია მოსკოვში. მსვლელობის  წინ, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი:

“ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებელია პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან და რუსულ მხარესთან. ჩვენ არ მოვექცევით, ბოკერიას ფორმულების და იდეოლოგიის წნეხის ქვეშ, თითოქს, პირდაპირი დიალოგი ეს არის ქვეყნის ღალატი და მტრობა. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით ჩვენ უნდა ავამოქმედოთ ბევრი ახალი ფორმატი საუბრისა, არამარტო ჟენევის და კარასინ-აბაშიძის, არამედ ახალი ფორმატი, საქართველო-ნატო-რუსეთი,”- განაცხადა ინაშვილმა.

“პატრიოტთა ალიანსის” კიდევ ერთი წევრი, გოჩა თევდორაძე ამბობს, რომ დუმის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება ქვეყნებს შორის ჰუმანიტარულ თანამშრომლობაზეც გაიმართება.

“პატრიოტების” წევრები არ აკონკრეტებენ, თუ რუსეთის დუმის კონკრეტულად რომელ წევრებს შეხვდებიან.

"პატრიოტთა ალიანსის" აქცია რუსთაველზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი 01.10.2017
17 სექტემბრიდან, პარლამენტთან,  “პატრიოტთა ალიანსის” მომხრეები შიმშილობენ. როგორც პარტიის წევრები იუწყებიან, დღეს პარლამენტთან 17 მოშიმშილეა, აქედან, 5 პროტესტის უკიდურეს ფორმას უკვე მე-15 დღეა მიმართავს.


“ძალიან სამწუხაროა, რომ მოშიმშილეები არ მოინახულა ხელისუფლებამ. მე რომ ხელისუფლება ვიყო და ფანრჯიდან ვიყურებოდე, აუცილებლად გამოვიდოდი. მთავარი მოთხოვნაა ქვეყანაში საარჩევნო უზურპაციის შეწყვეტა, სოციალური ფონის გამოსწორება, ათასობით ადამიანს ჩამოართვეს დაფინანსება, საბანკო ტერორში ცხოვრობს ათასობით ადამიანი, გვაქვს ხელისუფლებისადმი მკაფიო მოთხოვნები. შექმნან კომისიები და ჩვენი ჩართულობით დაიწყოს მუშაობა ამ პრობლემების მოსაგვარებლად.  დღეს  ყველა კანდიდატი ლაპარაკობს რეკრეაციულ ზონებზე, ეკოლოგიაზე, რაც თავისთავად მნიშვნელოვნია, მაგრამ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ყველაფერი ადამიანებისთვისაა, რომელიც შიმშილობს და აქაა შკრებილი,”- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მსვლელობა თბილისში, ვარდების მოადენზე დაიწყო და პარლამენტთან მყოფ  მოშიმშილეებს შეუერთდა. როგორც ერთ-ერთი მოშიმშილე, ალექსანდრე წოწორია აცხადებს, შიმშილობას მან მიმართა იმიტომ, რომ საქართველოში კონსტიტუცია ხალხის მოთხოვნებს არ პასუხობს.

“აქ მყოფმა რამდენიმე ქართველმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართეთ იმიტომ, რომ საქართველოში ქართველი ერის ნების გამომხატველი კონსტიტუცია უნდა იყოს. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ საქართველოს მხარემ გამართოს დიალოგი რუსთთან, ცხინვალთან და სოხუმთან.  ქართული მიწები არ უნდა იყიდებოდეს, არ უნდა გაიცემოდეს იჯარით უცხოტომელებზე. ჩვენ (მოშიმშილეები) ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას, სოციალური ფონის გაუმჯობესებას , ვითხოვთ, სწავლა-განათლებით დღევანდელი  სისტემის დაშლას და ქართული მენტალიტეტით სავსე პროგრამის დანერგვას, როგორიც იყო უწინ. “

აქციის დროს შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით ადა მარშანიამ მიმართა და აღნიშნა, რომ დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად სწრაფი მოქმედებაა საჭირო – “ჩვენ ჩავალთ ყველგან, მოსკოვში, ტოკიოში, ბრიუსელში, აფრიკაში. ყველგან ჩავალთ, ოღონდ ვუშველოთ ჩვენს სოხუმსა და ცხინვალს,”- განაცხადა მან.

დავით თარხან-მოურავმა ჟურნალისტებთან საუბრისას კი განაცხადა, რომ შიმშილობის სამომავლო აქციებს პატრიის ლიდერებიც შეუერთდებიან.

“მოშიმშილეები დარჩებიან, მოგვიანდებით, ალბათ, 22 რიცხვიდან, თვითონ ირმა ინაშვილი და სხვა დეპუტატები დაიწყებენ შიმშილობას. მაგრამ მაშინ უკვე აქციებიც უფრო ხშირი იქნება, შემდეგ უწყვეტ რეჟიმში გადავა. უკან დახევას არ ვაპირებთ, სანამ არ წავა ეს ხელისუფლება,”- განაცხადა თარხან-მოურავმა.

ინაშვილის თქმით, 15 ოქტომბერს გაიმართება აქცია ბათუმში, 22 ოქტომბერს – მასშტაბური აქცია თავისუფლების მოედანზე და თუ სახელმწიფო იგნორირებას გაუკეთებს ამ მოთხოვნებს, 22-ში “პატრიოტთა ალიანსი” მათი მთავრობის გადაყენებას მოითხოვს.
"პატრიოტთა ალიანსის" აქცია რუსთაველზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი 01.10.2017 "პატრიოტთა ალიანსის" აქცია რუსთაველზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი 01.10.2017 "პატრიოტთა ალიანსის" აქცია რუსთაველზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი 01.10.2017

 

მასალების გადაბეჭდვის წესი