აზიური ფაროსანა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო ბუკლეტზე. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

სეს: ფაროსანასთან საბრძოლველად ოჯახებს 1 ლიტრ შესაწამლ პრეპარატს და ხაფანგებს გადავცემთ

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, მოსახლეობისთვის პრეპარატების  და მოსაზიდი ხაფანგების გადაცემის პროცესი დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს.

სურსათის ეროვნული სააგენტო, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს 230 ათას ლიტრ პრეპარატს და ფერომონებს (მავნებლის მოსაზიდ ხაფანგებს) გადასცემს.

სააგენტოს ცნობით, სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებისთვის პრეპარატების გადაცემა და მისი მოსახლეობისთვის დარიგების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს.

მავნებელთან ბრძოლის მიზნით, სახელმწიფო თითოეულ ოჯახს ერთ ლიტრ შესაწამლ საშუალებას და ფერომონს  გადასცემს.

სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც მოსახლეობას ურიგდება, რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა, აცხადებს სააგენტო.

სააგენტოს ცნობით, მოსახლეობის იმ ნაწილმა კი, რომელსაც პრეპრატები და შესაბამისი საინფორმაციო მასალები დაურიგდა, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება საკარმიდამო ნაკვეთებში და საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ უკვე დაიწყო.

პრეპარატების დარიგების პარალელურად, სააგენტოს დაპირებით, გაგრძელდება მავნებლის გავრცელების მონიტორინგი და აქტიური საინფორმაციო კამპანია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com