RMG Gold. ფოტო: საყდრისის კომიტეტი

RMG Gold-ის დარღვევები, რომლებსაც მალავდნენ

საყდრისის კომიტეტმა RMG Gold-ის კუთვნილი საწარმოს საქმიანობის შესახებ 2014-16 წლების ინსპექტირების (გზშ) შედეგები საჯარო გახადა, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ არის მომზადებული. დოკუმენტში საუბარია კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობასა და ათობით დარღვევაზე.

საყდრისის კომიტეტში აცხადებენ, რომ ბოლნისის რაიონში ეკოლოგიური მდგომარეობა შემაშფოთებელია, ხოლო გარემოზე მიყენებული ზარალი, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს აჭარბებს.

როგორც საყდრისის კომიტეტის წევრებმა განგვიცხადეს, აღნიშნული დოკუმენტი გარემოს დაცვის სამინისტროდან მოიპოვეს გასულ წელს, თუმცა არჩევნების შემდეგ უწყებამ დოკუმენტის გასაჯაროებაზე უარი თქვა, რის გამოც კომიტეტი იძულებული გახდა, თავადვე წარედგინა საზოგადოებისთვის.

“გარემოს დაცვის სამინისტრო დღემდე არ ასაჯაროებს ინპექტირების შედეგებს და გარემოზე მიყენებული ზიანის ზუსტ ოდენობას, ხოლო კომპანია კვლავაც განაგრძობს დანაშაულებრივ საქმიანობას და კორუფციული გარიგებებით ცდილობს ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას,” – აცხადებენ საყდრისის კომიტეტის წევრები.

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 15 დეკემბერის ბრძანებით გათვალისწინებული გეგმური შემოწმების პროცესში საწარმოს ვიზუალური დათვალიერებით, გადაღებული ფოტო და ვიდეომასალის ანალიზითა და დოკუმენტაციის კამერალური დამუშავების შედეგად გამოვლინდა გარემოზე ზემოქმედების გათვალისწინებული პირობების, ასევე გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არაერთი დარღვევა, რომელიც ვრცლად და დეტალურად არის აღნიშნული საბოლოო დოკუმენტში. ნეტგაზეთი ამ დოკუმენტიდან გთავაზობთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს:

საწარმოს ინფრასტრუქტურა და საწარმოო ტექნოლოგიური პროცესების აღწერა

საწარმოო ტერიტორიის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ გამოსატუტი მოედნის დრენაჟზე და სხვა დამხმარე აუზებზე დამონტაჟებულია საკონტროლო მილი პოლიეთილენის საფარის ზედა ფენის დაზიანების შემთხვევაში სინჯების ასაღებად. რაც შეეხება ავარიული სიტუაციებისთვის გათვალისწინებულ აუზებს, მათზე საკონტროლო მილები დამონტაჟებული არ იყო. დათვალიერების პროცესში ერთ-ერთ ასეთ აუზში ინტენსიურად ჩაედინებოდა გამოსატუტი მოედნებიდან გამოჟონილი ციანიდის შემცველი ხსნარი. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, მოცემული აუზების მუდმივი გამოყენება არ ხდება. შესაბამისად, აღნიშნული მილების დემონტაჟი აუცილებლობას არ წარმოადგენს, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით არასწორია და არ შეესაბამება პროექტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

წარმოების პროცესში საწვავად გამოიყენება დიზელი. დიზელის საცავის მიმდებარედ ერთ-ერთი ინსპექტირების დროს დაფიქსირდა ნავთობპროდუქტების დაღვრის ფაქტი, რომლის სიახლოვეს განთავსებული იყო ჟანგბადის ბალონი.

საწარმოს ტერიტორიაზე განთავსებულია მაღალი ძაბვის ქვესადგური, რომელიც შემოღობილია მავთულბადით, თუმცა ერთ-ერთი ინსპექტირების დროს ქვესადგურში შესასვლელი ღია იყო და არ იყო შეზღუდული აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვა პირის შესვლა.

ინსპექტირების პროცესში ციანიდის საცავში, ასევე, განთავსებული იყო მარილმჟავა და ანტისკალანტი. კუსტარული სოდა, თიოშარდოვანა, ნატრიუმის ნიტრატი, ბორაქსი, მარილმჟავა და სილიკა (სილიციუმის ორჟანგი) განთავსებული იყო საწყობის მეორე ნაწილში, რომლის იატაკი მობეტონებული იყო, თუმცა საწყობის ტერიტორიაზე სანიაღვრე სისტემა და ბეტონის ზუმფი მოწყობილი არ იყო.

მარილმჟავას ხსნარები, რომელიც განთავსებულია სხვადასხვა ზომის პლასტმასის კასრებში, დასაწყობებული იყო ღია ცის ქვეშ, რკინის გისოსებით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, რომლის ძირიც არ იყო მობეტონებული, მოწყობილი არ იყო სანიაღვრე შემკრები სისტემა და ზუმფი.

რეზერვუარების გარშემო მოწყობილია ჯებირი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მაქსიმალური დაღვრის შემთხვევაში ნავთობპროდუქტის შეკავებას. აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ ასევე განთავსებული იყო დიზელის ავზი, რომლის გარშემო მოწყობილი არ იყო არც ჯებირი და არც შემკრები სანიაღვრე სისტემა. მის გარშემო დაფიქსირდა ნავთობპროდუქტების დაღვრის ფაქტი. კონუსური სამსხვრეველების მიმდებარედ განთავსებულია დანადგარის მბრუნავ ნაწილებზე ზეთის მიმწოდებელი სადგური, რომლის ავზების მიმდებარედ დაფიქსირდა ზეთის დაღვრის ფაქტი.

ინსპექტირების პროცესში სანავიგაციო სისტემის GPS საშუალებით ჩატარებული გაზომვებით დადგინდა, რომ გამოსატუტი მოედნის მინიმალური ნიშნული ზღვის დონიდან შეადგენს 985-988მ-ს, ხოლო მაქსიმალური, 1120-1125მ-ს. ამდენად, გროვის საერთო სიმაღლე შეადგენს 135-137მ-ს, რაც პროექტით გათვალისწინებულ ნიშნულს 95-97მ-ით აღემატება.

ამასთან, გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესაბამისად, პროექტის ხანგრძლივობა გათვალისწინებულია 5 წელი, ხოლო პროექტის დასრულების შემდგომ გამოტუტული მადნის გროვების დაფარვა უნდა მოხდეს აღდგენილი მცენარეიული საფარით. ინსპექტირების დროს დადგინდა, რომ საწარმოო უბნის სარეკულტივაციო სამუშაოები არ იყო დაწყებული.

საწარმოს წყალმომარაგების სისტემა, ზედაპირული და მიწისქვეშა (გრუნტის) წყლები და მათზე უარყოფითი ზეგავლენის ფაქტორები

საწარმოში წყალი გამოიყენება საწარმოო და სასმელ-სამეურნეო მიზნებისთვის. საწარმოო უბნის წყალმომარაგება ხდება საერთო წყალმომარაგების სისტემიდან. RMG Gold-მა 2016 წლის 17 თებერვალს წერილობით წარადგინა 2009 წლის 3 იანვრის შპს “ბოლნისწყალკანალთან” გაფორმებული სასმელი წყლის მომარაგების თაობაზე ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადაა 2009 წლის 30 დეკემბერი, ხოლო წყალსარგებლობისთვის გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარუდგენია. კომპანიას ასევე არ წარუდგენია ინფორმაცია საწარმოო კარიერის და საყდრისის საბადოს კარიერის ტერიტორიაზე არსებული ტუალეტებიდან ფეკალური მასის გატანის თაობაზე.

ინსპექტირებისა და კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შედეგად დადგინდა, რომ RMG Gold არ ახორციელებს გამოყენებული და ჩაშვებული წყლების თვითმონიტორინგს დადგენილი წესის შესაბამისად.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესაბამისად, მოცემული საქმიანობის პროცესში მიწისქვეშა (გრუნტის) წყლებზე უარყოფითი ზემოქმედების ფაქტორები და მონიტორინგის განხორციელების ვალდებულება გათვალისწინებული არ იყო.

ატმოსფერული ჰაერი და მასზე უარყოფითი ზეგავლენის ფაქტორები

გზშ-ის ანგარიშის მიხედვით და განხორციელებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს საქმიანობის შედეგად ატმოსფეროში გამოიყოფა არაერთი მავნე ნივთიერება. ინსპექტირებისას დადგინდა, რომ გაფრქვევის წყაროდ მითითებული არ იყო ზოგიერთი სტაციონარული წყარო და, შესაბამისად, დადგენილი არ იყო მათ მიერ გაფრქვეული მავნე ნივთიერებათა სახეობები და რაოდენობა.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესაბამისად, კომპანია ვალდებული იყო გაფრქვევის წყაროებზე ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების შესრულებაზე კონტროლის გეგმა – გრაფიკი და პერიოდულობა შეეთანხმებინა გარემოს დაცვის სამინისტროსთან, რაც არ აქვს შეთანხმებული.

სატრანსპორტო გზებზე ატმოსფერულ ჰაერში მოხვედრილი მტვრის მინიმუმამდე დაყვანის ერთ-ერთ ღონისძიებად გათვალისწინებულია მცენარეული საფარის აღდგენა, რაც კომპანიას არ აქვს შესრულებული. ინსპექციის პროცესში დადგინა, რომ კომპანია პროგრამის მიხედვით დადგენილი პერიოდულობით და დადგენილ ნივთიერებებზე არ ახორციელებს სრულყოფილ მონიტორინგს.

RMG Gold-ს ევალებოდა, შეემუშავებინა არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირების ღონისძიებები, რაც ასევე არ შეუმუშავებია.

ნარჩენების მართვა

ქიმიური ნივთიერებების საცავის მიმდებარედ მოწყობილია ნარჩენების დროებით განთავსების უბანი, სადაც ჯართის, რეზინის, ხის და სხვა სახის ნარჩენებთან ერთად განთავსებულია ნატრიუმის ციანიდის, ბარაქსის და თიოშარდოვანას შესაფუთი პოლიეთილენის ტომრები, რითაც დარღვეულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით გათვალისწინებული ნარჩენების მართვის პროცედურები. კომპანიას ნარჩენების მართვის დამადასტურებელი ინფორმაციის ნაწილი სათანადოდ არ წარმოუდგენია.

ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოო უბნის მთელ პერიმეტრზე რეზინის, პოლიეთილენის, მეტლის და სხვა სახის ნარჩენები ქაოტურადაა განთავსებული. არ ხდება სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების სეპარირება.

გზშ-ის ანგარიშში გათვალისწინებულია საშიშ ნივთიერებათა მართვის სწორი მენეჯმენტის განხორციელება, რათა თავიდან აიცილონ საშიში ნივთიერებებით გარემოს დაბინძურება, თუმცა აღნიშნულის უზრუნველსაყოფად კომპანიის მიერ არ ტარდება სათანადო მთელი რიგი ღონისძიებები.

გარდა ამისა, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით, კომპანიას ევალება ზოგადი დაგეგმვის პროცედურების დანერგვა, საბადოს დახურვისა და რეაბილიტაციის შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომელიც ეფუძნება რისკის შეფასებას მაქსიმალური მოგების, პასუხისმგებლობისა და გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირების მისაღწევად, რაც კომპანიას არ აქვს უზრუნველყოფილი.

RMG Gold-ს 2016 წლის 17 თებერვალს წერილით წარმოდგენილი აქვს “რეკულტივაციის მართვის პროექტი”, თუმცა აღნიშნული პროექტის შინაარსი აბსოლუტურად არ ასახავს ზემოაღნიშნულ პროცედურებს.

ინსპექტირების პროცესში დადგინდა, რომ ტერიტორია დანაგვიანებულია დიდი მოცულობის ნარჩენებით; გარემო დანაგვიანებულია სამშენებლო და სხვა ინერტული ნარჩენებით; სახიფათო ნარჩენები განთავსებულია შესაბამისი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ; სახიფათო ნარჩენების დაწვა მიმდინარეობს ღია წესით; კომპანიის გარემოსდაცვითი მმართველის ვინაობის თაობაზე ინფორმაცია არ იყო წარმოდგენილი სამინისტროში; არ იყო შექმნილი სახიფათო ნარჩენების სეპარირებისა და შეგროვების სისტემა.

კომპანიამ ვერ წარმოადგინა ნარჩენების მართვის გეგმა.

ნიადაგების დაცვა და რეკულტივაცია

ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ნიადაგის ნაყოფიერი ფენა მოხსნილი და დასაწყობებული არ იყო “ნიადაგის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის და “ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ” ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, არც სანაყაროების რეკულტივაცია არ მიმდინარეობს მათი ფორმირების პარალელურად.

რეკულტივაციის და ნიადაგის დაცვის შესახებ გეგმა, რომელიც მთელ რიგ ვალდებულებას აკისრებს კომპანიას და რომელიც სამინისტროსთან უნდა შეთანხმებულიყო, RMG Gold-ს არ ჰქონდა შესრულებული. კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ინსპექტირების ჯგუფმა არ განიხილა, როგორც რეკულტივაციის გეგმა/პროექტი.

შრომის დაცვა და უსაფრთხოება

შპს “RMG Gold” სს “RMG Copper”-თან ერთად ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კომპანიაა. გზშ-ს ანგარიშის თანახმად, კომპანიის ყველა თანამშრომელს გააჩნია ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თანახმად, კომპანიას 2016 წელს შემუშავებული და ხელმძღვანელის მიერ შეთანხმებული აქვს RMG Gold-ის ობიექტებზე შესაძლო ავარიის ლიკვიდაციის გეგმა, თუმცა მოცემული დოკუმენტი შეთანხმებული არ იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან. ასევე, კომპანიის უფლებამოსილი პირები არ იცნობენ მოცემულ დოკუმენტს. ამასთან, მოცემულ გეგმაში მითითებული არ იყო მთელი რიგი საჭირო ინფორმაციები.

ინსპექტირების შედეგად ასევე დაფიქსირდა შემდეგი:

  • დიზელის საცავის მიმდებარედ ნავთობპროდუქტების დაღვრის ფაქტი, რომლის მიმდებარედ განთავსებულია ჟანგბადის ბალონი;
  • საწარმოს ტერიტორიაზე განთავსებული მაღალი ძაბვის ქვესადგური, რომელიც არ იყო ინსპექტირების პროცესში დაცული სხვა პირის შესვლისგან;
  • საწარმოს ტერიტორიაზე რიგ ადგილებში არ იყო განთავსებული უსაფრთხოების ნიშნები და არ იყო სრულყოფილად განთავსებული ავარიის შემთხვევაში ევაკუაციის დროს შესაბამისი მიმანიშნებელი ისრები;
  • საწარმოში (მათ შორის ლაბორატორიაში) მომუშავე პერსონალი სრულყოფილად არ იყო უზრუნველყოფილი სპეციალური პირადი დამცავი საშუალებებით;
  • ოქროს მომპოვებელ საამქროში არსებული მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე, რიგ ადგილებში დარღვეულია დამცავი გარსაცმის მთლიანობა და მათი შეერთების ადგილები ღია მდგომარეობაშია, ხოლო რიგ ადგილებში გადაბმები შესრულებულია სპეციალური შემაერთებელი ქუროების გარეშე;
  • ძველი მოედნებიდან დრენირებული ხსნარებისთვის გათვალისწინებული და ავარიული სიტუაციებისთვის გათვალისწინებული აუზები შემოსაზღვრული არ იყო სათანადოდ და არ იყო განთავსებული შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები;
  • ძველი მოედნებიდან დრენირებული ხსნარებისთვის გათვალისწინებული აუზების მიმდებარედ განთავსებულ ელექტროგადამცემ ხაზზე გადაბმის ადგილზე დარღვეული იყო გარსაცემის მთლიანობა, არ იყო გადაბმული შემაერთებელი ქუროთი, გადაბმის ადგილი განთავსებული იყო მიწის ზედაპირზე;
  • ვიზუალური დაკვირვებით ადსორბციის კოლონები და რეგენერაციის ღუმელები, ასევე მათზე დამონტაჟებული ზოგიერთი ლითონის გადასაბმელები და საკვალთები ძლიერ კოროზირებულია;
  • ავარიული სიტუაციებისათვის გათვალისწინებულ აუზებზე საკონტროლო მილები დამონტაჟებული არ იყო. დათვალიერების პროცესში ერთ-ერთ ასეთ აუზში ინტენსიურად ჩაედინებოდა გამოსატუტი მოედნებიდან გამოჟონილი ციანიდის შემცველი ხსნარი;
  • სამსხვრეველების საოპერატორო პუნქტთან, ავტომატური ამომრთველები ღია მდგომარეობაშია. დარღვეულია ხუფის მთლიანობა და მისი გარსაცემი დახშული არ იყო;
  • კონუსური სამსხვრეველების მიმდებარედ განთავსებულია დანადგარის მბრუნავ ნაწილებზე ზეთის მიმწოდებელი სადგური, რომლის ავზების მიმდებარედ დაფიქსირდა ზეთის დაღვრის ფაქტი;
  • ქიმიური ნივთიერებების საწყობში დაშვებამდე ინსტრუქტაჟის ჩატარება არ განხორციელდა. პერსონალი აღჭურვილი არ იყო პირადი დამცავი საშუალებებით და საცავში განთავსებული არ იყო საინფორმაციო ნიშნები. მის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია ელექტრო გამანაწილებელი ხუფი, რომელიც ამორტიზირებულია და დარღვეულია მისი მთლიანობა. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნულ უბანს არ მოეწოდება ელექროენერგია და მოხდება მისი დემონტაჟი;
  • საწარმოს ტერიტორიაზე (ნახშირის რეგენერაციის უბანზე) ინახებოდა პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთი (აფთიაქი), რომელშიც განთავსებული იყო ვადაგასული მედიკამენტები;
  • გამოსატუტი მოედნიდან ციანიდის გაჟონვაზე კონტროლის ამსახველი დოკუმენტაცია RMG Gold-ის 2016 წლის 24 თებერვლის წერილის მე-13 პუნქტის თანახმად, კომპანიამ წარმოადგინა 2016 წლის 17 თებერვლის N78/1 წერილით, თუმცა მოცემული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თანახმად, ზამთრის პერიოდში უარყოფითი ტემპერატურის გამო აუცილებელი გახდა მოქმედი ობიექტების გაყინვისგან დაცვის ან გადახურვის საჭიროების გათვალისწინება, თუმცა ინსპექტირებით დადგინდა, რომ აღნიშნული არ იყო შესრულებული.

გზშ-ს ანგარიშით კომპანიას შემუშავებული უნდა ჰქონოდა გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, კერძოდ, ქიმიურ ნივთიერებათა და ნავთობპროდუქტების დაღვრის შემთხვევებში რეაგირების გეგმები ინციდენტზე ოპერატიული რეაგირებისთვის, რაც არ აქვს შესრულებული.

ინსპექტირების პროცესში ციანიდის საცავში ასევე განთავსებული იყო მარილმჟავა და ანტისკალანტი, რაც ანგარიშის შესაბამისად დაუშვებელია. კომპანიის წარმომადგენლემა განმარტა, რომ მოცემული ნივთიერებები ახალი მიღებული იყო, დროებით მოათავსეს ციანიდის საწყობში და უკვე გადაჰქონდათ სხვა ადგილზე, თუმცა აღნიშნული არგუმენტი უსაფრთხოების თვალსაზრისით ვერ იქნება გათვალისწინებული.

კუსტარული სოდა, თიოშარდოვანა, ნატრიუმის ნიტრატი, ბორაქსი, მარილმჟავა და სილიკა განთავსებული იყო საწყობის მეორე ნაწილში, რომლის იატაკი მობეტონებული იყო, თუმცა საწყობის ტერიტორიაზე სანიაღვრე სისტემა და ბეტონის ზუმფი მოწყობილი არ იყო. იგივე პრობლემა ჰქონდა კომპანიას მარილმჟავას ხსნარებთან დაკავშირებით, რომელიც განთავსებული იყო სხვადასხვა ზომის პლასტმასის კასრებში და დასაწყობებული იყო ღია ცის ქვეშ, რკინის გისოსებით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე. იგივე ხარვეზი გამოიკვეთა ფოსფორმჟავის, ფლუკუნატის, ორთოფისფორმჟავისა და სხვა ნივთიერებების შემთხვევაშიც.

ამასთან, დიზელის შენახვის მიზნით, საწარმოს ტერიტორიაზე განთავსებულია სამი ერთეული სხვადასხვა ზომის რეზერვუარი, რომელთა გარშემო მოწყობილი ჯებირი ვერ უზრუნველყოფს მაქსიმალური დაღვრის შემთხვევაში ნავთოფპროდუქტის შეკავებას. აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ, ასევე, განთავსებული იყო 4,3 კუბური მეტრის მოცულობის დიზელის ავზი, რომლის გარშემო მოწყობილი არ იყო არც ჯებირი და არც შემკრები სანიაღვრე სისტემა. მის გარშემო დაფიქსირდა ნავთობპროდუქტების დაღვრის ფაქტი.

დოკუმენტის მიხედვით, ფუჭი მასალის გროვის პერიმეტრის მონიტორინგის ამსახველი დოკუმენტაცია არ წარმოადგინა კომპანიამ, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული მონიტორინგი არ მიმდინარეობს.

ხმაური

საწარმოო უბანზე, დანადგარების ტექნიკური დახასიათების შესაბამისად, სამუშაო ობიექტზე ხმაურის მაქსიმალურ სიდიდედ დაშვებულია 85 დბ, ხოლო საცხოვრებელ და დასასვენებელ ტერიტორიაზე ხმაურის მაქსიმალური სიდიდე არის 45 დბ. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიაში არ ტარდება ხმაურის მონიტორინგი, RMG Gold-ის მიერ ნაკისრი ვალდებულება ხმაურთან დაკავშირებით ვერ ჩაითვლება შესრულებულად.

ამასთან, ინსპექტირების პროცესში სმენის დამცავი აღჭურვილობა საწარმოო უბნებზე არ იყო განთავსებული და, შესაბამისად, ხმაურის წარმოქმნის შემთხვევაში მოსახმარად ხელმისაწვდომი არ იყო სხვა მომსახურე პერსონალისთვის.

  • გარემოს დაცვის სამინისტროს დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ინსპექტირების დაწყებამდე, შემმოწმებელი ჯგუფის წევრებს უსაფრთხოების ინსტრუქცია არ გააცნეს და არ აღჭურვეს პირადი დაცვის საშუალებებით.

კომპანიაში აღნიშნული შემოწმება განახორციელეს გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის გარემოს დაბინძურების კონტროლის განყოფილების უფროსმა ვერიკო აღლემაშვილმა (შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი), ამავე განყოფილების მთავარმა ინსპექტორებმა: ზურაბ ბეჟანიშვილმა, ემა ბარკალაიამ და კონსტანტინე ზარანდიამ, წიაღით სარგებლობის კონტროლის განყოფილების უფროსმა დავით რობაქიძემ, ამავე განყოფილების მთავარმა ინსპექტორმა გოჩა ფირცხელიანმა, ნარჩენების მართვის კონტროლის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე კისკეიძემ, ქვემო ქართლის სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების მთავარმა ინსპექტორმა ზურაბ ფარჯანაძემ და უფროსმა ინსპექტორმა ეკა ელიზარაშვილმა. შემოწმებაში მონაწილეობა მიიღო RMG Gold-ის ჯანმრთელობის შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა მიხეილ კვარაცხელიამ და კომპანიის გარემოს დაცვის სამსახურის კოორდინატორმა დავით გუგავამ.

ნეტგაზეთი გარემოს დაცვის სამინისტროში რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა აღნიშნული დოკუმენტის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. გვაინტერესებს, დათვლილია თუ არა ქვემო ქართლში გარემოზე მიყენებული ზიანის ზუსტი თუ არა, სავარაუდო ოდენობა მაინც. ჩვენ ასევე დავუკავშირდით RMG Gold-ს, სადაც განგვიცხადეს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს აღნიშნულ მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით საპასუხო კომენტარს კომპანიაში შეათანხმებენ და მოგვიანებით გაგვაცნობენ. უწყებისა და წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიის პოზიციას მიღებისთანავე ამავე მასალაში შემოგთავაზებთ.

საყდრისის კომიტეტის მიერ აღნიშნული დოკუმენტის გასაჯაროებამდე, მიმდინარე წლის 21 ივლისს, გარემოს დაცვის სამინისტრომ გვაცნობა, რომ კომპანია RMG Gold სასამართლომ ბოლნისის რაიონში გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო 5 ათასი ლარით დააჯარიმა. ქვემო ქართლში ოქროს მომპოვებელი კომპანიის წინააღმდეგ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთი აქცია გაიმართა. საზოგადოებაში ყველაზე დიდი პროტესტი საყდრისის ძეგლის ჯერ დაზიანებამ, ხოლო შემდეგ საბოლოოდ აფეთქებამ გამოიწვია.

RMG Gold. ფოტო: საყდრისის კომიტეტი

RMG Gold. ფოტო: საყდრისის კომიტეტი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.