34562

გარემოსთვის ზიანის მიყენების გამო სასამართლომ კომპანია RMG 5 000 ლარით დააჯარიმა

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, კომპანია RMG Gold, რომელიც ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ოქროს მოპოვების ლიცენზიას ფლობს, სასამართლომ გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო 5 ათასი ლარით დააჯარიმა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის, ნელი კორკოტაძის განმარტებით, ისინი ახლა ითვლიან ზიანს, რომელიც კომპანიამ ბუნებას მიაყენა. სასამართლომ დაავალა კომპანიას, რომ აღმოფხვრას ის ფაქტორები, რის გამოც გარემოს ზიანს აყენებს. ამისთვის სამინისტრო კომპანიას “გონივრულ ვადას” დაუდგენს.

ნელი კორკოტაძის თქმით, თუ კომპანია არ შეასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს, მას ჯარიმა გაუსამმაგდება მომდევნო, თუ კიდევ არ აღმოფხვრის დარღვევებს, შემდეგ კომპანია იმსჯელებს გარემოს ნებართვის გაუქმებაზე.

გარემოს დაცვის სამინისტრომ აღნიშნული დარღვევები  სტანდარტული ინსპექტირების შედეგად აღმოაჩინა. სამინისტრომ შეამოწმა, რამდენად იცავდა RMG-ის საწარმოები გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ვალდებულებებს. კორკოტაძის თქმით, მათ შეამოწმეს სამი საწარმო.

კორკოტაძის თქმით, დარღვევები გამოვლინდა: საწარმოში არ იყო უზრუნველყოფილი საწარმოო პროცესები იმდაგვარად, რომ არ მომხდარიყო წყლის დაბინძურება, ტექნოლოგიური პროცესიდან გამომდინარე უნდა ჰქონოდა ჰერმეტული აირდამჭერი სისტემა, ასევე, ნიადაგზე უარყოფითი ზემოქმედება დადგინდა საწარმო პროცესის შედეგად.

“ფაქტობრივად, ყველა ის პირობა, რაც კომპანიას ჰქონდა დადგენილი, არ იყო შესრულებული”, – განაცხადა ნელი კორკოტაძემ.

“საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის” წევრები სამინისტროს სთხოვენ, რომ გაასაჯაროოს ინსპექტირების შედეგი. ნელი კორკოტაძემ კი განაცხადა, რომ მათ პროაქტიური გასაჯაროების ვალდებულება არ აქვთ კანონის მიხედვით, თუმცა დაინტერესებულ პირებს საჯარო ინფორმაციის სახით მისცემენ ინსპექტირების შედეგს.

კომიტეტის წევრი, დავით ყურაშვილი მოუწოდებს სამინისტროს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რომ კომპანიამ ნაკლები ზიანი მიაყენოს გარემოს.

“მივმართავთ გარემოს დაცვის სამინისტროს, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ კომპანიამ შეაჩეროს თავისი ის ქმედებები, რომლითაც დიდ ზიანს აყენებს გარემოს, რომლის აღდგენაც ფაქტობრივად აღარ მოხდება”, – ამბობს დავით ყურაშვილი.

ნინო ბურჭულაძე ამბობს, რომ მათ აღარ აქვთ საქმე კომპანიასთან, მათ აქვთ კითხვები გარემოს დაცვის სამინისტროსთან, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია “ზედმეტად მაამებლურ პოლიტიკას” ეწევა RMG-სთან დაკავშირებით. ამის დასტურად მას ისიც მოჰყავს, რომ სამინისტრომ ინსპექტირების ანგარიში არ გაასაჯაროა მაშინ, როცა ერთეული ბრაკონიერობის ფაქტსაც კი ასაჯაროებენ.

ნინო ბურჭულაძე იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ინსპექტირების შემდეგ ერთი წელია სოფლის მეურნეობის პროდუქტები ბოლნისის რაიონში, რათა ნათელი გახდეს, აისახა თუ არა RMG Gold-ის საქმიანობა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com