ახალი ამბები

ხილულ გამონაბოლქვზე ამ დრომდე 3 533 პირი დააჯარიმეს

13 თებერვალი, 2024 • 633
ხილულ გამონაბოლქვზე ამ დრომდე 3 533 პირი დააჯარიმეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2023 წლის 4 სექტემბრიდან 2023 წლის 4 თებერვლის ჩათვლით, ავტომობილის გამონაბოლქვზე, ჯამში, 3 533 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს.

უწყების განცხადებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვს საქართველოს 4 დიდ ქალაქში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში აკონტროლებენ. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი – 1614 ჯარიმა დაწერეს თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების/მფლობელების სახელზე. 769 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 646 – ბათუმში, 504 კი – ქალაქ რუსთავში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 3 533 საჯარიმო ქვითრიდან 3030 ქვითარი ფიზიკური პირის სახელზე დაიწერა, 503 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.

აქედან 2033 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 1297 – მიკროავტობუსის, 202 – სატვირთო ავტომობილის, 1 კი — ავტობუსის მძღოლის სახელზე.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი.

იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი