ახალი ამბები

ბოლო 20 წელში გერმანიამ 100 მლნ-ზე მეტით დააფინანსა საქართველოს ტყის დაცვა და ეს უცხო ქვეყნის ინტერესია? – არცივაძე

6 აპრილი, 2024 • 4832
ბოლო 20 წელში გერმანიამ 100 მლნ-ზე მეტით დააფინანსა საქართველოს ტყის დაცვა და ეს უცხო ქვეყნის ინტერესია?  – არცივაძე

სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო ცენტრ „ნეკრესის“ გამგეობის წევრი კახა არცივაძე აცხადებს, რომ საქართველოში გარემოს დაცვითი სფერო წლების განმავლობაში დასავლურ დაფინანსებაზე იდგა.

ამის შესახებ მან გადაცემა „რეალურ სივრცეში“ „რუსულ კანონზე“ საუბრის განაცხადა. კახა არცივაძემ სხვადასხვა პროექტი გაიხსენა, რაც გარემოს დაცვით სფეროში სწორედ დასავლური გრანტებით განხორციელდა.

„ძალიან უცნაური სიტუაცია არის. არსებობს გლობალური ღირებულებები, მათ შორის ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულია. არსებობს ქვეყნები, რომლებსაც ამ ღირებულებების დაცვის თვალსაზრისით ძალიან მაღალი სტანდარტები გააჩნიათ. პირველ რიგში ეს არის ევროკავშირი და მასში შემავალი ქვეყნები, აშშ და ა.შ. ჩვენ, საქართველო, როგორც ქვეყანა და მისი ხალხი, ვცდილობთ, რომ ამ საზოგადოების ნაწილი გავხდეთ სწორედ იმიტომ, რომ ეს სტანდარტები მოგვწონს.

არსებობს ზურმუხტის ქსელი – ეს არის მიდგომა, რომელიც ევროკავშირს გააჩნია და უფრო მკაცრი სტანდარტები აქვს წევრი ქვეყნებისთვის, რომელსაც ის გვთხოვს, რომ ჩვენ შევასრულოთ, რათა ეფექტურად დავიცვათ გარემო. ამაში ის გვეხმარება და ამ პროცესს რატომღაც ვეძახით უცხო ქვეყნების გავლენას. მაგალითად, ბოლო 20 წელში გერმანიის მთავრობის მიერ 100 მილიონზე მეტი ღირებულების აქტივობაა დაფინანსებული, რომელიც საქართველოს ტყის დაცვას ეხება და საქართველოს ტყის დაცვა უცხო ქვეყნის ინტერესების დაცვაა? აბა, მაშინ რატომ მივდივართ ევროკავშირში და რატომ ვეუბნებით ევროკავშირს, რომ მიგვიღოს.

შემდეგ გამოვლენ ხელისუფლების წარმომადგენლები და მაღალი ტრიბუნიდან საუბრობენ, რომ კლიმატის ცვლილების საკითხებში ევროპის სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ, [საუბრობენ] ფრინველების დირექტივაზე, წყლის დირექტივაზე… ჩვენ ამ ყველაფერს კანონმდებლობაში ვნერგავთ და ეს არ არის უცხო ქვეყნის გავლენა? თუ ეს უცხო ქვეყნის გავლენაა და ცუდია, მაშინ რატომ აკეთებს ხელისუფლება ამას და თუ იგივეს მე ვაკეთებ ე.ი. ეს ცუდია?“ – აცხადებს კახა არცივაძე.

მისი თქმით, სწორედ უცხოური დაფინანსებით ხდება საქართველოში სხვადასხვა სახეობათა აღწერაც.

„რა გამოდის, მე ახლა ვდგავარ და ვამტკიცებ, რომ აქლემი არ ვარ. თავის დაცვის პოზიციაში ვარ, რომ გამჭვირვალე ვარ. ამაზე მელაპარაკება ხალხი, რომელიც ელემენტარულ გამჭვირვალობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს[…] ყოფილმა პრემიერმა ბრძანა, რომ მამამისი მილიონერია და ამით დაასაბუთა, რომ ყოველწლიურად ასობით ათასს ლარს ჩუქნიან. მოდით, პატივცემულებო, ჯერ თქვენ გვაჩვენეთ როგორ უნდა გამჭვირვალეობა და მერე მე მომთხოვეთ რამე.

მითუმეტეს, გარემოს დაცვით სფეროში რაზეა საუბარი? დიახ, ევროკავშირი მკაცრ მოთხოვნებს გვიყენებს. სუფთა წყალი და ჰაერი რომ გვინდა, ამას გერმანელი პენსიონერი მოგვპარავს თუ ესპანელი ბიზნესმენი წაიღებს საქართველოდან თუ ფრანგი ჩინოსანი? ჩვენ გვჭირდება და ეს არის მოთხოვნა, რომელსაც ძალიან მაღალი სტანდარტის ქვეყანა გვიწესებს…

ჩვენს სექტორი წლების განმავლობაში მთლიანად დასავლურ დაფინანსებაზე იდგა, არასამთავრობო სექტორის გარდა, სახელმწიფოც. ძალიან დიდი აურზაური იყო მგლების და ტურების აღრიცხვის ისტორიაზე, რომელზეც სახელმწიფოს ჰქონდა ტენდერი გამოცხადებული და ამაზე სიცილ-ხორხოცი იყო ფეისბუქში. ეს ფულიც კი საერთაშორისო დონორის დახმარებით არის საქართველოში შემოსული. შვედეთის დახმარებით ხდება საქართველოში მგლების დათვლა და ჩვენ ვეუბნებით, რომ თუ შვედები დააფინანსებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეს როგორ შეიძლება, ცუდი ბიჭები არიან“, – აცხადებს კახა არცივაძე.


„ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი პარლამენტში ისევ დააინიციირა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ” 3 აპრილს დაარეგისტრირა პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც გასულ წელს „ხალხი ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავდება მხოლოდ ფორმალურად, ტერმინით — ახალ ვერსიაში „უცხოური გავლენის აგენტის“ ნაცვლად წერია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“.კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში, ფაქტობრივად, გააქრო ყველა მედიასაშუალება და ორგანიზაცია, რომელიც არ ექვემდებარებოდა კრემლს.

მასალების გადაბეჭდვის წესი